Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ სჭირდებათ, რომ გარდაცვლილი ოპოზიცია რეანიმაციაში დააწვინონ და აღადგინონ, ეს არ გამოვა, მკვდრის აღდგენა რეანიმაციული საშუალებებით ვერ ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმის“ მომზადების მიზეზი საქართველოში ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა და მათი გააქტიურებისთვის არის მაშველი რგოლი.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ეუთოს წევრი 24 სახელმწიფოს მიმართვაზე საუბრისას აღნიშნა, ეს ქვეყნები მბრძანებლური ტონით საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ასეთ საუბარს საქართველოს ხელისუფლება არ დაექვემდებარება.

„საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი როცა იყო ჩამოსული, მასთან საუბარი შეიძლებოდა. რატომ, იცით? მისი ნაბიჯები რეალობიდან გამომდინარეობდა. მან ჩვენი მხარის მიმართ თქვა, რომ სახელმწიფომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, ხოლო ოპოზიციას უთხრა, რომ ძალადობა მიუღებელია და ბოიკოტი საუკეთესო გზა არ არის შიდა სტაბილიზაციისთვის. რა თქმა უნდა, შენიშვნებიც ჰქონდა.

ანუ, დიალოგში შემოვიდა და მტკიცებულებები გაცვალა. ეს ქვეყნები საერთოდ არ გელაპარაკებიან, ჩვენს მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ და კანონმდებლობას ვინც არღვევდა, ძალადობდა, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდა, მათკენ ხელს არ იშვერენ. ეს ქვეყნები მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, თან მბრძანებლური ტონით. კიდევ თუ ვერ მიხვდნენ, რომ ასეთ საუბარს არ დავექვემდებარებით, ასე გააგრძელონ.

„მოსკოვის მექანიზმი“ მაშველი რგოლია რადიკალური ოპოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, არავითარ სასამართლოში არ წავლენ, მაგრამ ეს ყველაფერი იცით, რისთვის სჭირდებათ? – ხანგრძლივად უნდათ, რომ თავის მართლების რეჟიმში ჩაგვაყენონ, „ბიბისისა“ და „კამიტის“ არ იყოს, რომ ჩვენ ეს ნივთიერება არ გვქონია. იტყვიან, გქონიათო და შემდეგ ასეთი სახის რეზოლუციებში ასახავენ. ეს ყველაფერი სჭირდებათ, რომ ეს გარდაცვლილი ოპოზიცია რეანიმაციის კაბინეტში დააწვინონ და აღადგინონ.

ეს არ გამოვა, რადგან მკვდრის აღდგენა რეანიმაციული საშუალებებით არ და ვერ ხდება. ამ ანგარიშით ცოტა ხანი იხმაურებენ, მაგრამ არაფერში დაეხმარებათ, რადგან არ შეიძლება, ტყუილი ვინმეს ხანგრძლივად ეხმარებოდეს. ნებისმიერ დონეზე, სასამართლო იქნება თუ დისკუსიები, ყველგან ჩვენი არგუმენტი გვექნება, რომელიც სიმართლეზეა დაფუძნებული“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.