თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ
„სად მიღებ, რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
მისი შეფასებით, საქმე გვაქვს ე.წ. ევროსეგრეგაციასთან.
„ანუ შენ რაღაც მეორეხარისხოვანი ხარ, მე და შენ ერთ კაფეში ვერ ვისხდებით. სადაც მე ვიჯდები, იქ ვერ შემოხვალთ, მე და შენ ერთ დარბაზში ვერ ვისხდებით, რომელ სკამზეც მე ვზივარ, იმ სკამზე არ დაჯდები - აქეთ მივდივართ?
მართლა საბჭოთა კავშირი ხომ არ არის, არა? საბჭოთა კავშირში ფორმალურად მაინც ამბობდნენ, ყველანი თანასწორი ვართო და ესენი ფორმალურადაც აღარ ამბობენ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.