Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ, სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს, ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური

„ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ვისაუბრო მტკიცებულებებზე, სარჩელი აიტვირთება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ყველა ნახავს ჩვენს არგუმენტებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

მისი თქმით, პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა კონსტრუქციულობისკენ ნაბიჯის გადადგმისა, თუმცა საპირისპიროდ იმოქმედეს.

„აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოც გადადგამდა მათი მიმართულებით ნაბიჯს. სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს. ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური. არადა ამის თქმა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, თუ დაადგენს, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონსტიტუციის მიღმა იყო“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

დეპუტატი გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას თვალთმაქცურ ნაბიჯს უწოდებს.

როგორც ჩანს, ეს იყო მათი მხრიდან თვალთმაქცური ნაბიჯი. პატრონებმა ასე გადაუნაწილეს როლები - ზოგს უთხრეს, რომ თქვენ დარჩებით რადიკალურები, ზოგს უთხრეს, რომ თქვენ გაითამაშებთ კონსტრუქციულობას“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.