თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას ციხეში ჯდომა სჭირდება, რადგან კარგად იცის, 4 ოქტომბერს არავითარი რევოლუცია არ იქნება და შერცხვება

ქართულმა სასამართლომ ელენე ხოშტარიას უთხრა, წინასწარ პატიმრობაში არ მჭირდები, გირაო გადაიხადე და საბოლოო განაჩენს დაელოდეო. დააპატიმრა, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა? ალტერნატივა გამოიყენა. მისგან პასუხი რა არის? ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებ, ციხეში მივდივარო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ელენე ხოშტარია ცდილობს, ციხეს თავს შეაფაროს.
„ხელისუფლება აპატიმრებს ამ ქალბატონს, თუ თავად იპატიმრებს თავის თავს? როგორ გგონიათ, დედამიწაზე რომელიმე ქვეყანა არსებობს, სადაც სასამართლო ადამიანს გირაოს განუსაზღვრავს, შემდეგ თითს დაუქნევს და ეტყვის, გირაოს არ გადავიხდიო და გარეთ დატოვებს? ელენე ხოშტარიას ციხეში ჯდომა სჭირდება, რადგან კარგად იცის, 4 ოქტომბერს არავითარი რევოლუცია არ იქნება და შერცხვება როგორც თავისი მომხრეების, ასევე, პატრონების წინაშე.
ამიტომ ახლა, თავისი ჭკუით, ლამაზი გამოსავალი იპოვა – ციხეს თავს შეაფარებს და ამით გაიმართლებს თავს, გარეთ რომ ყოფილიყო, უფრო მეტ აქტიურობას გაწევდა. ის გარეთ იქნება თუ შიგნით, არ გვაინტერესებს. სახელმწიფოს ასეთი ტიპის ადამიანების არ ეშინია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.