თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება.
როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდდება, ომიც დასრულდება, ევროკავშირი დაუბრუნდება ძველ ურთიერთობებს.
„არის წითელი ხაზები: სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი, ტერიტორიული მთლიანობა - შედი ევროკავშირში და დაივიწყე შიდა ქართლი და აფხაზეთი, დავთანხმდეთ ამას?! არის რაღაცები, რასაც ჩვენ წითელ ხაზს ვეძახით, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი კულტურა, ეროვნული მენტალიტეტი დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გზით ქვეყანა წინ მიჰყავს.
„თვითონ ევროკავშირის, ევროკომისიის დოკუმენტები მოწმობს, რომ ჩვენ წინ ვართ მოლდოვასა და უკრაინაზე. მაგრამ დღეს, წინა პერიოდისგან განსხვავებით, ამის აღიარება არ ხდება და არ ხდება იმიტომ, რომ ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი, ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.