Loading data...
თეა წულუკიანი: ბატონი გონჩარენკო არ არის ნორმალური, მან უნდა მიხედოს თავის ქვეყანას, სადაც დაღუპულთა საფლავები ათეულ კილომეტრებზეა გადაჭიმული და აიღოს პასუხისმგებლობა იმ უბედურებაზე, რაც უკრაინას დაემართა

„ბატონი [ალექსეი] გონჩარენკო არ არის ნორმალური, მან უნდა მიხედოს თავის ქვეყანას, სადაც ათეულ კილომეტრებზე გადაჭიმულია დაღუპულთა საფლავები, ძაძები აცვია თითქმის ყველა ქალს და აიღოს პასუხისმგებლობა იმ უბედურებაზე, რაც უკრაინას დაემართა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

წულუკიანმა უპასუხა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც ეხებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინელი დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას: „უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია, საქართველო იქნება თავისუფალი. ჩვენ შევხვდებით რუსთაველზე, შევჭამთ ხევსურულ ხინკალს, ხაჭაპურს, დავლევთ „საფერავს“, ისევ ვიმღერებთ, „თბილისო, მზის და ვარდების მხარეო“. 

„ძალიან უხერხულია ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნდა ვთქვა, ბატონი გონჩარენკო არ არის ნორმალური, ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, იმიტომ, რომ როდემდე შეიძლება ამ ადამიანის გამონათქვამებზე ჩვენ კომენტარები ვაკეთოთ. კომენტარს რომ აკეთებ, ე.ი. სერიოზულად აღიქვამ. ეს არის დიაგნოზი ჩემთვის, რომ ეს ადამიანი არ არის იმ განზომილებაში, სადაც საშუალო დონის თუნდაც მოაზროვნე ადამიანი შესაძლოა, იმყოფებოდეს. ერთადერთი პასუხი შეიძლება მე პირადად მქონდეს, რომ მან მიხედოს თავის ქვეყანას, რომელიც დაანგრიეს, გააუბედურეს თითქმის ყველა ოჯახი ამ უზარმაზარ ქვეყანაში, ზოგმა ოჯახმა მათი, მათ შორის გონჩარენკოს, უპასუხისმგებლო, გიჟური გადაწყვეტილებებისა და ცეცხლზე ნავთის დასხმის შედეგად ერთი კი არა, ორი და მეტი ოჯახის წევრი დაკარგა. მან უნდა მიხედოს თავის ქვეყანას, სადაც ათეულ კილომეტრებზე გადაჭიმულია დაღუპულთა საფლავები და ძაძები აცვია თითქმის ყველა ქალს. აი, იმ ქვეყანას უნდა მიხედოს და აიღოს პასუხისმგებლობა იმ უბედურებაზე, რაც უკრაინას დაემართა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ამ საფრთხემ რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუარა და რისკები დღესაც არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მოთმინების და გონივრულობის პოლიტიკა გააგრძელოს. 

„ჩვენ ამ უბედურებამ რამდენიმე სანტიმეტრში ჩაგვიარა. ხომ შესაძლოა, ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, რომელსაც ომი არ უნდა და არ თანმხდება მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ მას არ ჰყოლოდა ისეთი ძლიერი საყრდენი ხელმძღვანელი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ჩვენ ვიქნებოდით უბედურებაში. ამ ერთმა ადამიანმა, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, თავის თავზე აიღო დარტყმები და არაფრის ფასად არ დათმო ქვეყნის ინტერესი. ამისთვის მას პიროვნულად, პირადად და ოჯახის თვალსაზრისით, მოუწია ძალიან დიდი ფასის გადახდა, მაგრამ ის ამ ფასს იხდის, ოღონდაც აქ არ ატყდეს ის, რაც მოხდა უკრაინაში და ღმერთმა დაგვიფაროს, აქ ათეულ კილომეტრებზე სასაფლაოების გახსნა დაგვჭირდეს. რამდენიმე სანტიმეტრზე ჩაგვიარა ამ საფრთხემ.

ძალიან ბევრი ქილიკი მესმის მე პირადად, რომ ეს თქვენი ზღაპრებია, რომ ომი რეალური არ იყო და ა.შ. ასე თამამად ზოგადად არ ვსაუბრობ, თუ არ ვარ მოწმე, მონაწილე, ან თუ ზუსტად არ ვიცი და მე შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ რეალური, კონკრეტული შეთავაზებები იყო, რომ გადადგით ესა და ეს ნაბიჯები და მერე რაღაცა იქნება. ჩვენ ეს ნაბიჯები არ გადავდგით, იმიტომ კი არა, რომ მაგრები ვართ, იმიტომ, რომ გვყავს ხელმძღვანელი, რომელმაც შეძლო ამორტიზება იმ დიდი დარტყმების, რაც სადამსჯელო ღონისძიებების სახით ჩვენზე წამოვიდა. ეს რისკები დღესაც მუდმივად არსებობს, ზოგჯერ მაღალი, ზოგჯერ, დღეებს გააჩნია, დაბალი, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ეს მოთმინების და გონივრულობის პოლიტიკა და რაღაცნაირად ის მავნებლური ძალები, რომლებიც მაინც ცდილობენ პროვოკაციებს ქუჩაში, სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია, როდესაც 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე პირებს, რომლებიც უკვე გარკვეულ ასაკში არიან და, ყოველ შემთხვევაში, იქ რამდენიმე დღის წინ ჟივილ-ხივილი რომ მოაწყვეს, მათზე ბევრად უფროსები არიან, არც კი მიუშვეს მემორიალთან. ეს პროვოკაციაა. ჩვენ არ ავყვებით ასეთ და სხვა მძიმე პროვოკაციებს, რაც უნდა რთული იყოს ეს და რაღაცნაირად უნდა გავიდეთ ყველანი ერთად ფონს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.