Loading data...
თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა გაეროში ბურუნდის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, ლესოთოს სამეფოსა და ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, სამუშაო სადილის ფორმატში შეხვედრა გამართა გაეროში ბურუნდის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, ლესოთოს სამეფოსა და ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოში ვიზიტით მყოფ დიპლომატებთან, მათი ქვეყნების მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თეა ახვლედიანმა ელჩებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. ამასთან, თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, ელჩები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას და სახელმწიფო მინისტრის აპარატს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.