თეა ახვლედიანი: ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას
„ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღევანდელ სამუშაო სესიაზე აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის უმაღლესი ინტერესის, ეროვნული ინტერესის საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას, სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რომელთა მიმართებით საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს საგანგებო როლი და მისია აკისრიათ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობას
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობას, განვიხილეთ შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების კუთხით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციის თანამდევი რთული მდგომარეობის მიუხედავად მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. ვფიქრობ, ელჩებთან სამუშაო სესია მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
„ელჩების კონფერენცია 2025“- ის ფარგლებში გამართული სამუშაო სესია „დიპლომატია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
პანელურ დისკუსიაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.
დისკუსიის მოდერატორი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია იყო.