თბილისის მერია ბავშვთა სპორტის განვითარების საპილოტე პროგრამას დაიწყებს

„ბოლო პერიოდში ჩვენს სპორტსმენებს არნახული წარმატება რომ აქვთ, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყნის მასშტაბით, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი სპორტის მხარდაჭერის პროექტებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
„ბოლო პერიოდში ჩვენს სპორტსმენებს ჰქონდათ არნახული შედეგები და წარმატება, დაწყებული ფეხბურთით, რაგბით, კალათბურთით, ჭიდაობით, ძიუდოთი და ა.შ. ცხადია, ეს წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ეს ყველაფერი არის იმის დამსახურება, რომ ქვეყნის მასშტაბით, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ყველა რეგიონსა და რაიონში შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქმნება. გაიხსნა არაერთი საცურაო აუზი, საჭიდაო დარბაზები, საფეხბურთო სკოლები და ა.შ. სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს სპორტსმენებს ყველანაირი პირობა ჰქონდეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სპორტზე იფიქრონ და ნორმალურ გარემოში ვარჯიში შეძლონ. შესაბამისად, წარმატებაც გარდაუვალი იქნება. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სპორტსმენებს იმ მიღწევებისთვის, რითაც ბევრი ქართველი გაახარეს. ჩვენი მხრიდან მსგავსი მხარდაჭერის პროექტები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, პრეზენტაციაზე სპორტის მხარდაჭერის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მიაწოდა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, როგორც პროფესიონალი სპორტსმენების, ასევე რიგითი მოქალაქეების. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ჯანსაღი ცხოვრების წესში. სწორედ ამიტომ გვაქვს ახალი პროგრამები. მათ შორის, მომავალი წლიდან დავიწყებთ „ბავშვთა სპორტის განვითარების“ პროგრამას. აღნიშნული საპილოტე პროგრამა კვლევაზე დაფუძნებულ ათ ყველაზე მოთხოვნად სპორტის სახეობაში შესთავაზებს 15 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო სერვისს. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ სხვადასხვა პროვაიდერთან და კლუბთან თანამშრომლობას, რომ პროგრამა გაფართოვდეს. ამის დამსახურებით, 4 წლის განმავლობაში ათასობით ახალგაზრდა ჩაერთვება სპორტში. ასევე, გავაგრძელებთ, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართული ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ სკრინინგს, რომ თავიდან ავირიდოთ ტრავმები“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
მისივე თქმით, გაგრძელდება პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“, რომლის ფარგლებშიც, 60+ ასაკის მქონე ადამიანებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ მუნიციპალური სერვისებით სარგებლობა. ანდრია ბასილაიას თქმით, ბოლო პერიოდში მოთხოვნიდან გამომდინარე, პროგრამას კერძო ობიექტებიც დაემატა და მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.
„მომდევნო ოთხ წელში მუნიციპალიტეტი დააფინანსებს 1 000-ზე მეტ სპორტულ პროექტსა და ინიციატივას. დედაქალაქში არ ტარდება არცერთი ტურნირი და შეჯიბრი, რომელსაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. სპორტის სამინისტროსთან ერთად, გუნდებს სპორტული ეკიპირების მიმართულებით ვეხმარებით. გაგრძელდება ჩვენი წარჩინებული სპორტსმენების წახალისება. ასევე, გაგრძელდება მწვრთნელებისა და წარმატებული პატარა სპორტსმენებისთვის სტიპენდიის გაცემა. აქტიურად გავაგრძელებთ ქალთა სპორტისა და პარასპორტის განვითარებას. შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტი ოპერირებას უწევს რეგიონში უნიკალურ პარასპორტის ცენტრს, რომლის მეშვეობით ასობით პარასპორტსმენი გადის გადამზადებას“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მომდევნო ოთხ წელში განცხორციელდება, ანდრია ბასილაიას თქმით, დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება; გლდანში არსებულ საფეხბურთო ბაზას (,,ამერი“) ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია; აშენდება ბაგების მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი; რეაბილიტირდება ვარკეთილში არსებული საფეხბურთო მოედანი (,,ედელვაისი“) და მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა. განხორციელდება 300-მდე ღია სპორტული მოედნის მოწყობა-მშენებლობა.