თამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტზე: ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ეფუძნება აქტიურ, პასუხისმგებლიან მოქალაქის იდეას და რომელიც თანამშრომლობს სახელმწიფოსთან მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე

„ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ეფუძნება აქტიურ, პასუხისმგებლიან მოქალაქეს და რომელიც ეხმარება, თანამშრომლობს, ერთი მხრივ საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ სახელმწიფოსთან, რომ მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზება განახორციელოს, დისკუსია გახსნას და გარკვეული საკითხები მიიტანოს სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ სახელმწიფო გრანტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრიორიტეტები მოიცავს ნებისმიერ საკითხს, რომლითაც გაძლიერდება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა. მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა რეგიონებს, ახალგაზრდებს და ეთნიკურ უმცირესობებს.
„პრიორიტეტები და ე.წ მიზნობრივი პროგრამები იქნება საკმაოდ მოცულობითი. დაწყებული გარემოს დაცვიდან, მმართველობის ეფექტიანობა, კორუფციასთან ბრძოლა, ქალთა და ბავშვთა უფლებები - ნებისმიერი საკითხი, რომელიც სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს და გვსურს, რომ სწორედ ამ მიმართულებებით გავაძლიეროთ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ რეგიონებს და ახალგაზრდებს, ეთნიკურ უმცირესობებს და ნებისმიერი თვალსაზრისით, ეს არის ის მიმართულებები და ის პრიორიტეტები, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას და სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ამ მიმართულებებით ძალიან მალე დაიწყებს თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.