თამარ ჩიბურდანიძე: მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალური ქსელით ეხმაურება ხელისუფლების ინიციატივას, დარეგულირდეს ფასები მედიკამენტებსა და პროდუქტზე:
„2026 წლის ბიუჯეტი სოციალური პოლიტიკის უპირატესობაზე მიუთითებს და მრავალმხრივ საინტერესო ინიციატივებია ჩადებული. რჩებოდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, რაც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ამ საკითხსაც შეეჭიდებოდა ხელისუფლება“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ის ხაზს უსვამს ქართული ოპოზიციის გამოხმაურებასაც დაანონსებულ ინიციატივაზე და წერს, რომ „ხალხზე მზრუნველი“ ოპოზიცია გადაიქცა იმ მონოპოლისტების მფარველად, რომლებიც კონკრეტულ პარტიებს აფინანსებენ.
„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქართველმა ხალხმა დააფასა ხელისუფლებისგან შენარჩუნებული მშვიდობა ქვეყანაში და ეს არჩევნებით დადასტურდა. მაგრამ მშვიდობასთან ერთად, მოსახლეობა სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებას ითხოვდა. ეს შეეხება როგორც სოციალურ პაკეტებს სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, ფასების რეგულირებას, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იზრდებოდა. 2026 წლის ბიუჯეტი აშკარად სოციალური პოლიტიკის უპირატესობაზე მიუთითებს და მრავალმხრივ საინტერესო ინიციატივებია ჩადებული. რჩებოდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, რაც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ამ საკითსაც შეეჭიდებოდა ხელისუფლება. მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის. რაც შეეხება ოპოზიციას, რატომღაც დაავიწყდათ, რამდენი სიუჟეტი აქვთ გაკეთებული პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებაზე და ამაში ხელისუფლების „დანაშაულზე“. „ხალხზე მზრუნველი“ ოპოზიცია ხელისუფლების ინიციატივის გაჟღერებისთანავე, უმალვე გადაიქცა კონკრეტული მონოპოლისტების მფარველად, რომელთა ფინანსებითაც დღემდე სულდგმულობენ. ეს კარგია, ხელისუფლებამ ისინი კიდევ ერთხელ გააშიშვლა. რაც შეეხება ფასების რეგულირებას, იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა ამ მხრივაც ამოისუნთქავს და ქვეყანაზე ზრუნვა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ, ზოგიერთი გაზულუქებული ბიზნესმენის ვალდებულებაც გახდება“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.