Loading data...
სულხან თამაზაშვილი თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 102 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების 102 წლის იუბილეს მიეძღვნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილმა თურქ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს - რესპუბლიკის გამოცხადების 102-ე წლისთავს. საქართველოსა და თურქეთს აკავშირებთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდება.

აღსანიშნავია, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული სტრატეგიული რეგიონალური პროექტები, რომლებიც არამხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თურქეთის პროვინციებს და ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობა, რასაც განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ–თურქული ურთიერთობების განმტკიცებაში. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 102 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა ადნან ალთაი ალთინორმა უმასპინძლა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.