სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას: რაც თქვენ გადაგხდათ, სისტემური დანაშაული იყო - რომ დაგიჭირეს და გაწამეს, ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა, მთავარი მწამებელი, მეგის ქარდავა კი - მეორე ხარისხის ორდენით

„ის, რაც თქვენ გადაგხდათ, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის თავს გადახდენილი ისტორია, რომელიც რამდენიმე კრიმინალმა ჩაიდინა. ეს იყო სისტემური დანაშაული, რაც, მათ შორის, დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟმის მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას განუცხადა, რომლის უფლებების შელახვის საქმეც სხდომაზე განიხილება. სუბარის თქმით, ეს რომ სისტემური დანაშაული იყო, ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ კოხტა კოდუასა და მეგის ქარდავას დაჯილდოება, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით, ხოლო 2012 წელს კი, ქარდავას ღირსების ორდენით დაჯილდოება, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების გამო.
„სისტემური დანაშაული რომ იყო, ამის დასტურად, კიდევ ერთხელ, მინდა გავიმეორო, რაც ადრეც მითქვამს: სწორედ მას შემდეგ, რაც თქვენ დაგიჭირეს და გაწამეს, ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამჟამად მისჯილმა და განსასჯელმა მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა - უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, რომელიც მართლაც მხედრული მამაცობისა და განსაკუთრებული წვლილისთვის ენიჭებათ.
ამავე ორდენით დააჯილდოვა ზუგდიდის პოლიციის მაშინდელი უფროსი თენგიზ გუნავა, ანუ ის ადამიანი, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა. განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, იმავე დღეს, 2010 წლის 20 დეკემბერს, მეგის ქარდავა - ეს მთავარი მწამებელი, დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ხოლო, წლინახევრის შემდეგ, 2012 წლის 19 მაისს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა იგივე მეგის ქარდავა, შემდეგი ფორმულირებით: „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის“. ანუ, ადამიანების წამება იყო მისთვის განსაკუთრებული პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ღირსეული სამსახური სამშობლოს წინაშე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.