შოთა ბერეკაშვილი სურსათის ფასებზე: ჩვენ ჯაჭვის თითოეული რგოლის შეფასება გვინდა, როდესაც თითოეულ რგოლში პრობლემების იდენტიფიცირებას შევძლებთ, ამის შემდეგ შევძლებთ, რომ მნიშვნელოვან კორექციას მივაღწიოთ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თუ რამდენი პროცენტით შეიძლება შემცირდეს სასურსათო პროდუქტებზე ფასები და რა მოლოდინები აქვს მთავრობას.
როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ჯერ კომისიამ სექტორში ჩართულ ყველა რგოლს უნდა მოუსმინოს და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება პროგნოზების გაკეთება.
„ამ ეტაპზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება არ მინდა. ჩვენ ჯაჭვის თითოეული რგოლის შეფასება გვინდა. ეს თითოეული რგოლი ურთიერთკავშირში არის ერთმანეთთან და როდესაც გავალთ ბოლო ჯაჭვში, რომელიც არის საცალო ქსელები და თითოეულ რგოლში პრობლემების იდენტიფიცირებას შევძლებთ და მათ ურთიერთკავშირს ვნახავთ, ამის შემდეგ შევძლებთ, რომ მნიშვნელოვან კორექციას მივაღწიოთ.
სექტორის გაჯანსაღებაა პირველადი მიზანი, რომ კონკურენცია ჯანსაღი იყოს, ურთიერთობები პროგნოზირებადი და გამჭვირვალე. სამივე მიმართულებით დღეს პრობლემა არის. ყოველივე ეს ქმნის ადგილებს, სადაც კონკრეტულ მონაწილეებს ზედმეტი ხარჯები აქვთ, ზოგიერთ სუბიექტებს უპირატესობა აქვთ ისეთი, როდესაც სხვებს არათანაბარ პირობებში აყენებს. სწორედ ეს არათანაბარი პირობები გვინდა აღმოვაჩინოთ და გავასწოროთ. ეს გვინდა გავასწოროთ სისტემურად. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მნიშვნელოვანი კორექცია მივიღოთ.
ჩვენ კერძო სექტორის საქმიანობაში არ ვერევით. ჩვენ ინსტიტუციურად ვასწორებთ სექტორს. ჩვენ გვინდა, რომ თამაშის წესები იყოს თანაბარი“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.