შოთა ბერეკაშვილი: საქართველოს მოქალაქე თავისი შემოსავლის საშუალოდ 39%-ს სწრაფი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებზე ხარჯავს, ეს მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია და ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს
იმპორტის ინფლაცია 2025 წელს სწრაფი მოხმარების საგნებზე საშუალოდ 5%-ით შემცირდა, სამწუხაროდ სამომხმარებლო კალათაში ფასები 10%-ით გაიზარდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სურსათის ფასებზე საუბრისას.
ბერეკაშვილის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში სტრუქტურული პრობლემაა და საჭიროა მისი იდენტიფიცირება.
„მნიშვნელოვანია, რომ პროცესები იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალე ურთიერთობები თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველა მოთამაშეს და მივიღებთ იმას, რომ სექტორსა და ბაზარზე იქნება მაღალი კონკურენცია. მიმაჩნია, რომ კონკურენცია ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და კონკურენტულ გარემოში მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო ფასს.
დღეს საქართველოს მოქალაქე თავისი შემოსავლის საშუალოდ 39%-ს სწრაფი მოხმარების საგნებსა და პროდუქტებზე ხარჯავს. ეს მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია და ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს. იქნება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და ერთობლივად მოძებნით გზებს და საშუალებებს, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.