Loading data...
შარმანაშვილი: ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ნულოვანი პერსპექტივა არსებობს, ეს არის ურთიერთმოძულე ხალხის ხელოვნური გაერთიანება

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ნულოვანი პერსპექტივა არსებობს. რატომ? როგორც კი მათ ვინმე მიუთითებს, რომ შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და რაღაც დეკლარაციებს, ქარტიებს ხელს მოაწერენ და ცოტა ხნის შემდეგ ერთმანეთს ჭამენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ურთიერთმოძულე ხალხის ხელოვნური გაერთიანება, რომელიც არ შეიძლება, ქართველმა ხალხმა სერიოზულად აღიქვას.

არჩევნების წინ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდნენ, არჩევნების მეორე დღეს კი, „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს შარლატანს უწოდებდა. ამათი კოალიციური გაერთიანება ან მთავრობა როგორ წარმოგიდგენიათ? შეიძლება, მათი პატრონებისთვის მსგავსი სცენარები სადმე მოქმედებს, მაგრამ საქართველოში არ მუშაობს, რადგან ქართველი ხალხი უძველესი ხალხია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ვერავინ ვერავის ატყუებს.

ოპოზიცია შეცდომებს შეცდომებზე უშვებს – პარლამენტში 61 კაცი რომ არ ზის, აქედან დაიწყეთ. მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოვუწოდებდით. რანაირად უნდათ, რომ შედეგი მიიღონ? ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ რევოლუციაზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ ქართველი ხალხის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და რევოლუცია უნდა მოეხდინათ, ხელისუფლებაში ასე მოსულიყვნენ. არჩევნებით ათჯერ ვერ მოვიდნენ, ხოლო რევოლუციით – ექვსჯერ. ამ ტაქტიკას მათმა პატრონებმა მაინც გადახედონ, თუ მათ არ აქვთ ამის უნარი“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.