Loading data...
შარმანაშვილი გახარიაზე: მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა

როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი გაქვს, შეიძლება ვერ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი გახარიას ბრალზე საუბრისას.

„როგორ შეიძლება, კაცი პრემიერ-მინისტრი ხარ და 5-წუთიანი შეხვედრა მოაწყო ამერიკის ელჩთან, შემდეგ მოხვიდე და გადადგე მაშინ, როდესაც წინა დღეს აძალებდი უმრავლესობას პარლამენტში, რომ მოეხსნათ იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის და იქადნებოდი, რომ „ჩქარა გააკეთეთ ეს, იმიტომ რომ სასწრაფოდ არის ეს კაცი დასაკავებელი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

უმრავლესობის წევრმა ისაუბრა ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზეც და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ საგუშაგო პროვოკაციის გამოსაწვევად ჩადგა.

„შეიძლებოდა, ეს ახალი კონფლიქტის კერა გამხდარიყო, უბრალოდ მაშინ გადავრჩით. ის იყო პროვოკაციის გამოსაწვევად გაკეთებული. რა მოხდა საბოლოო ჯამში? მოხდა ოკუპანტების შემოსვლა ამ ტერიტორიაზე, სიმაღლეების დაკავება მთელი ამ სოფლების გარშემო, მუდმივი საგუშაგოების გაკეთება და მოძრავი საგუშაგოების გაკეთება, რომელიც მანამდე არ იყო“, - განაცხადა შარმანაშვილმა.