Loading data...
შარმანაშვილი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი

„ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებას. 

შარმანაშვილი დოკუმენტს პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ მედიებში დასკვნის ევროპის საბჭოდ დასკვნად გასაღება გასაკვირი არ არის.

„დეზინფორმაცია მათი სტილია და, რა თქმა უნდა, ეს ევროპის საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი არ არის. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ის არც ექსპერტთა დოკუმენტია, მიუხედავად იმისა, რომ სათაურში ეს წერია. არის ზოგადი, ბრტყელ-ბრტყელი, არაფრის მომცემი ფრაზები და, რა თქმა უნდა, არაობიექტურია.

აქედან გამომდინარე, იმისკენ კი არ მოგვიწოდებენ, რომ დავსხდეთ, „ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, ეს კანონი გავაკეთილშობილოთ“. მოჭრილად ამბობენ, რომ „ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს უნდა გაუქმდეს“. მაგრამ იმას ვერ ბედავენ, რომ აღნიშნონ, რომ ეს დოკუმენტი ჩვენი პროდუქტი არ არის. პირდაპირ, ერთი ერთში გადმოვიღეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი“, - აცხადებს შარმანაშვილი.