შალვა პაპუაშვილის ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომში ქართველი სამხედროები თითქოს ტყვეებს ხვრეტდნენ, არის იგივე სულისკვეთება, რაც 2008 წლის ოქტომბერში PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს.
„ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბერში PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს. ისინი არა მხოლოდ 2008 წლის ომის დანაშაულის ჩადენის დაბრალებას დასჯერდნენ, ახლა უკვე გადაწვდნენ ბარამიძის ხელით 90-იან წლებს და აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს პირველი კანონმდებლის თქმით, როგორც ბარამიძეს, ისე სხვა ქართველ ოპოზიციონერებს აღნიშნული განცხადებების გაკეთებას გარედან ავალებენ.
„არავინ ეკითხება არც ბარამიძეს, არც აქტივისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს. არავინ ეკითხება, რას იტყვიან და როგორ იტყვიან. ეს ყველაფერი არის გამზადებული, შეფუთული. მისდით მათ, რა უნდა თქვან, ვის რა უნდა დააბრალონ, როდის რა უნდა „გაათეთრონ“ და როდის რა უნდა „გააშავონ“. ასე რომ, აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.