Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ჰოლოკოსტის დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენებელ დღეს და ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისთვისაც ეს დღე წარმოადგენს დანაშაულებრივ მწვერვალს, რაც კი მეოცე საუკუნის მანძილზე კაცობრიობაში მომხდარა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექვსი მილიონი ებრაელის განადგურება არის წარუშლელი ტრაგედია, რომელმაც შეძრა ევროპა და სამუდამოდ დაამძიმა კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება.

„ეს არის ხსოვნა იმ უდანაშაულო ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იქცნენ განადგურების სამიზნედ, რომ ეკუთვნოდნენ კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს. ეს იყო ადამიანობის უარყოფა, სიცოცხლის გაუფასურება და ცივილიზაციის თვითგანადგურების მცდელობა. ვერავითარი პოლიტიკური კონიუნქტურა ვერ გადაფარავს ტკივილს, რაც მიადგა ებრაელ ერს, ოჯახებს და ცივილიზაციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ გენოციდით დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ როგორც მსხვერპლს და მის მასშტაბს, ასევე იმ გარემოებებს, რამაც დაუშვა მსგავსი სისასტიკით ამგვარი ტრაგედიის მოხდენა. ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად და დინამიურ სამყაროში.

თაობები იცვლება, იცვლება მეხსიერებაც, ყოველდღიურობა ფარავს წარსულის იარებს. ისტორია იკუმშება, გაკვეთილები დავიწყებას ეძლევა, ახალ თაობებს უჭირთ წარსულის არსობრივად გააზრება. ტრაგედია ექცევა ერთ სიტყვაში, ერთ ფრაზაში, კარგავს მის მოცულობას და ინსტრუმენტალიზდება მიმდინარე პოლიტიკური დისკურსის საჭიროებების მიხედვით. სწორედ ამიტომ, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე არ უნდა იყოს მხოლოდ სიმბოლური ჟესტი.

ეს უნდა იყოს ხმამაღალი შეხსენებისა და მკაფიო განაცხადის მომენტი, როდესაც ზუსტად და კონკრეტული სახელებით აღვწერთ და ვიტყვით რა მოხდა, რატომ მოხდა, რამ დაუშვა ეს ბოროტება, რა შედეგები მოუტანა კაცობრიობას. წარსულის მსხვერპლზე ლაპარაკი მნიშვნელოვანია დღესაც, რადგანაც ნათლად ვხედავთ მთელ რიგ მოვლენებს, რომელიც გვახსენებს იმ ეპოქას, როდესაც ამპარტავნებამ, სიძულვილმა, ძალმომრეობამ, შურისძიებამ და განსხვავებულის დემონიზებამ წარმოშვა მთელი ერის განადგურების მეთოდური და დახვეწილი მანქანა, რომლის შესაჩერებლადაც ზღვა სისხლი დაიღვარა. ამ ბოროტების დამარცხებაში მნიშვნელოვანი იყო ქართველთა წვლილიც.

ჩვენ ვამაყობთ არა მხოლოდ იმ გამარჯვებით, რომელიც ფაშიზმის დამარცხებამ მოგვიტანა, არამედ ვამაყობთ ჩვენი ეროვნული ცნობიერებით, რომელიც იწყნარებს განსხვავებულს, მასპინძლობს ყველანაირ სტუმარს, თანაგრძნობას იჩენს სუსტის და დაჩაგრულის მიმართ. ეს არის ღირებულებითი საფუძველი, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ისტორიის ურთულეს პერიოდებშიც ადამიანური სახე შეუნარჩუნა. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ 26-საუკუნოვანი ქართულ-ებრაული ურთიერთობის ტრადიციას ექვსი წლის წინ ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსიც კი მიენიჭა. ეს ურთიერთობა აითვლის კიდევ არაერთ საუკუნეს და ასე გაგრძელდება ყოველთვის, ვიდრე ეს სამყარო იარსებებს. ეს არის ჩვენი ხმამაღალი და დადასტურებული განაცხადი.

ჩვენ ვართ მკაფიო და პირდაპირი, როდესაც საქმე ეხება ღირებულებებს, ჰუმანიზმს, ტრადიციებს და იდეალებს. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ ქვეყნის შიგნითაც და ამასვე მოვუწოდებთ ქვეყნის გარეთ, ყველგან, სადაც კი უკუსვლას ვხედავთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ სიჩუმე, წაყრუება და დუმილი იყო მთავარი წინაპირობა, რამაც ჰოლოკოსტი შესაძლებელი გახადა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არავითარი სიჯანსაღე არ შეიძლება ჰქონდეს შუღლს, ზიზღს, სიძულვილს და ვერავითარი გამართლება ვერ ექნებათ მის წამქეზებლებს.

„ჩვენ არ უნდა შევეგუოთ სიძულვილის არცერთ გამოვლინებას, არ უნდა მოვახდინოთ მისი ნორმალიზება და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ზიზღი რაიმე სიკეთის მომტანია. არავითარი სიჯანსაღე არ შეიძლება გააჩნდეს შუღლს, ზიზღს, სიძულვილს და ვერავითარი გამართლება ვერ ექნებათ მის წამქეზებლებს, დამთესავებს და მისით მანიპულატორებს.

სწორედ ამიტომაა გასავლები ძალიან მკაფიო წითელი ხაზები დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, რადგანაც იწყება მცირედით და მთავრდება გლობალურით, ითესება პატარა სარეველა და ამოდის ღვარძლის ბუჩქი, იწყება ნაპერწკლით და ვიღებთ ხანძარს. ჰოლოკოსტი სწორედ ამ გზის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული შეხსენებაა. განხეთქილებით, ძალადობით, ომითა და უბედურებით ვერავითარი საბოლოო გადაწყვეტა ვერ მიიღწევა.

ომი შობს ომს, ძალადობა – ძალადობას. სწორედ ამიტომ, ცივილიზაცია ყოველთვის უნდა იდგეს მშვიდობის მხარეს, ეძებოს ბალანსი და წონასწორობის წერტილი, ურთიერთობა კი ააგოს ურთიერთპატივისცემასა და განსხვავებულის შემწყნარებლობაზე, დასაშვებსა და დაუშვებელს შორის საზღვრების ცნობაზე. სწორედ ესაა დღეს ჩვენი მთავარი სათქმელი“, - წერს პაპუაშვილი.