Loading data...
შალვა პაპუაშვილი: უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში

„უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ როდესაც ადამიანი არის დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, შემდეგ ამ არჩევანის უარმყოფელი, ამ ადამიანის დაფინანსება იმ მიზეზით, რომ ეს სამოქალაქო დიალოგში შეტანილი წვლილია, ევროსაბჭოს მხრიდან ან თავის მოტყუებაა, ან ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.

„ამ ამბავს აქვს ორი განზომილება. პირველი, ეს არის – დაირღვა თუ არა კანონი და ამაზე აუდიტის სამსახური გასცემს პასუხს. ეს იქნება უდიდესი სკანდალი, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში. ვნახოთ, რა დასკვნა ექნება აუდიტს. თუმცა, ამ ამბავს მეორე განზომილებაც აქვს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო სკანდალურიც იყოს.

მე მგონი, ამას მტკიცებაც არ სჭირდება, რომ არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეული რადიკალი პოლიტიკოსი. 2020 წელს, წინა მოწვევის პარლამენტში, ის გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთის პარტიული სიით პარლამენტის წევრი. არ აღიარებდა 2020 წლის არჩევნებს, დასჭირდა თვეები იმისთვის, რომ პარლამენტში შემოსულიყო და საქართველოს მოქალაქეების არჩევანისთვის პატივი ეცა. ამის შემდეგ, 2024 წლის არჩევნებში ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრი. ისიც ჩაიხსნა პარტიული სიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით. ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოუწოდა არჩევნების არ აღიარებისკენ, რადიკალიზაციისკენ.

როდესაც ადამიანი არის დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, შემდეგ ამ არჩევანის უარმყოფელი, ამ ადამიანის დაფინანსება იმ სოუსით, რომ ეს სამოქალაქო დიალოგში შეტანილი წვლილია, ეს ევროსაბჭოს მხრიდან ან თავის მოტყუებაა, ან ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ევროსაბჭომ აირჩიოს ამ ორი პასუხიდან, რომელია სწორი. მესამე პასუხი აქ არ არსებობს, ვინაიდან ვერავინ, დედამიწის ზურგზე, ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს. სამწუხაროა, რომ ასეთ განვითარებებს ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.