Loading data...
შალვა პაპუაშვილი: თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო

„ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება.
და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრესსპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

„დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება.

და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრესსპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?

მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

ეს უკვე აღარ არის დუმილი. ეს არის პოზიცია.

პოზიცია, რომელიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან.

თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.