შალვა პაპუაშვილი: თეთრ სახლში არის ახალი ადმინისტრაცია, თუმცა ის ძალები, რომელიც სინამდვილეში იდგნენ ბაიდენის ავტოკალმის უკან, არსად წასულან
„თეთრ სახლში არის ახალი ადმინისტრაცია, თუმცა ის ძალები, რომელიც სინამდვილეში იდგნენ ბაიდენის ავტოკალმის უკან, არსად წასულან. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდეს, ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობის აღდგენა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ოპტიმისტური მოლოდინები, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით აღდგება.
„ყველასთვის დიდი წუხილია, მათ შორის, ამერიკული ადმინისტრაციისთვის, რომ არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ბევრ სფეროში, მათ შორის, საქართველოც მძიმე მემკვიდრეობად დატოვა. ყველაფერი გააკეთა წინა ადმინისტრაციამ, რომ ეს ურთიერთობა ჩამოეშალა.
ჩვენ ჩვენი ზომით, ეკონომიკური პოტენციალით წყალს იქით ვერ ავამღვრევდით, მაგრამ პირიქით, წინა ადმინისტრაცია სერიოზულად ამღვრევდა საქართველოში წყალს.
საბოლოო ჯამში, მიიღო ის, რომ დააზიანა ეს ურთიერთობები. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩვენთან ერთად აცნობიერებს, რომ დაზიანებულია ეს ურთიერთობები და ამას სჭირდება გამოსწორება, ასევე, ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა იდეოლოგიური მიმართულებებით. ის, რაზეც დღეს საუბრობს შტატების ადმინისტრაცია და რაშიც აკრიტიკებს მაგალითად ევროკავშირს, ზუსტად იგივე კრიტიკა არის ჩვენი მხრიდან ევროკავშირის მიმართ.
ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, რომ ურთიერთობები სწორედ ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით აღდგება. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს არაფორმალურ გავლენებზე, რომელიც ჰქონდათ წინა ადმინისტრაციაზე, არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ევროპაშიც, საუბრობენ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრები, მაგალითად ბრიტანეთის, იმ არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც არის. ეს არაფორმალური მმართველები არსად არ წასულან.
თეთრ სახლში არის ახალი ადმინისტრაცია, თუმცა ის ძალები, რომელიც სინამდვილეში იდგნენ ბაიდენის ავტოკალმის უკან, არსად არ წასულან. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდეს, ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობის აღდგენა“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.