შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირს და გერმანიას, სადაც გიორგი გახარია იმყოფება
საერთო ჯამში, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირს და გერმანიას, სადაც გიორგი გახარია იმყოფება.
„სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურა დიდმა პალატამ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ყველა გარემოების გათვალისწინებით გიორგი გახარიას წარედგინა ბრალი.
მათ შორის შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და ის დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასე რომ, ახლა კითხვები მიემართება ევროკავშირს და გერმანიას ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია.
საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიმდინარეობს გამოძიება. სხვა გარემოებებიც შეიძლება, გამოიკვეთოს და კონკრეტულად ბრალია წარდგენილი ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ასე რომ, მგონი, ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას.
არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ, ციტატები მოჰყავდათ, თითქოს უმაღლესი თანამდებობის პირებს არ გაუციათ ბრძანება რაღაც სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე. საუბრობდნენ გახარიას არ გაუცია ბრძანება, ეს წერია გადაწყვეტილებაშიო. ეს არაფერი არ წერია.
გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, ზუსტად იქ იყო, რომ ის არაფერ შუაში არ იყო. სწორედ ეს დარღვევა დაადგინა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული ეს საკითხი და დაავალა საქართველოს გამოძიება. ამ გამოძიებამ დაადგინა გამოარკვია, რომ მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ ის, რაც მათ მოჰყავთ მაგალითად, თითქოს გახარია ამ საკითხში უბრალოა, პირიქით, ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით, მათ შორის წარმოებული გამოძიების შედეგად, ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დადგინდა დარღვევა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.