Loading data...
შალვა პაპუაშვილი: საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფო არის, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა ამ რეგიონიდან

„კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფო არის, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა ამ რეგიონიდან. უკვე შესრულდა ორი ფრენა, მესამე ფრენაც შესრულდება და ყველა მოქალაქე, ვისაც აქვს ამის საჭიროება, ჩვენს ხელისუფლებას გამოჰყავს ამ რეგიონიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საელჩოები 24 საათის განმავლობაში, რეგიონის ყველა ქვეყანაში კონტაქტზე იმყოფებიან.

„ჩვენი საელჩოები ყველა რეგიონში, რა თქმა უნდა, არიან 24 საათის განმავლობაში კონტაქტზე და ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგიონში არის შეუძლიათ დაუკავშირდნენ და მოიკითხონ შესაძლებლობები. ირანში საბედნიეროდ არ არის ბევრი მოქალაქე, რომელსაც ეს რამენაირად ეხება, თუმცა აქაც საელჩო კონტაქტზე არის ყველასთან, ვისაც შეიძლება რაიმე დახმარება სჭირდებოდეს.

დღეს ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი ჩამოჰყვა რეისს, რომელმაც თქვა, რომ ჩამოფრინდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფრენით და იქვე თქვა, რომ ის, ასევე, არის ინგლისის მოქალაქე და რომ მან ინგლისის საელჩოსაც მიმართა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღია. ეს აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მიმართ და რა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. ასე, რომ მთავრობა ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.