Loading data...
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება.

„საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი და ფარი, თუმცა რეალობაა ისიც, რომ მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად მცირდება. საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობაც“, - წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ ათასწლეულების განმავლობაში გაუძლო მსგავს „საერთაშორისო წესრიგებს“, გამოიარა არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოძებნა გადარჩენის საკუთარი გზა.

„სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია - დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში. გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის - ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი“, - აღნიშნა მან.