Loading data...
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს წარმატება არის ფაქტობრივად მიმოფანტული ქვებით სავსე რიყე, სადაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები გამოდიან, გაიხედავენ, გამოიხედავენ, ხელებს აცეცებენ და არაფრის დანახვა არ უნდათ

„ჩვენ ამ ყველაფერს არ ვაკეთებთ არც ბრიუსელისთვის და არც სხვა დედაქალაქებისთვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის და ქართველი ხალხი ამას ხედავს. არა უშავს, ბრიუსელი თუ რამეს ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის მთავრობების ფუნქციონირების გლობალურ შეფასებას,

რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ აღქმებს ფაქტები დაუპირისპირა.

„ეს ზუსტად ის მომენტია, თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას არ დაინახავს. საქართველოს წარმატება არის ფაქტობრივად მიმოფანტული ქვებით სავსე რიყე, სადაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები გამოდიან, გაიხედავენ, გამოიხედავენ, ხელებს აცეცებენ და არაფრის დანახვა არ უნდათ. გახსოვთ, სულ რაღაც 2-3 წლის წინ, ტერმინოლოგიაში ყველა იყენებდა სიტყვას „აღქმა“. თუ დააკვირდებით, ეს ტერმინი პოლიტიკური ლექსიკონიდან მოვასპობინეთ და დავუპირისპირეთ ფაქტები.

მეც ჩემი წვლილი მაქვს ალბათ ამაში შეტანილი. დღეს ვეღარავინ საუბრობს, რომ „არსებობს აღქმა“, რადგან ყველა ხვდება, რომ აღქმებს, ილუზიებსა და მოლანდებებს ჩვენ დავუპირისპირებთ ფაქტებს. ამიტომ ყველა ერიდება ამას. აგერ არის ფაქტები, რომლებსაც თავად ქმნიან, რაც მთავარია. ან მათი დაკვეთით ხდება, ან თავად აზიარებენ და ეყრდნობიან ან ანგარიშებსა და შეფასებებს. შემდეგ, რომ ვეუბნებით, კი მაგრამ აი ფურცელი, ფაქტი, ცაში იყურებიან, თითქოს არაფერი სმენიათ და არაფერი მომხდარა.

ვხედავთ იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს, ვხედავთ თუ რა დამოკიდებულებები აქვთ ბრიუსელის მიმართ დიდ სახელმწიფოებს და ცდილობენ პატარა სახელმწიფოზე დაიკმაყოფილონ საკუთარი ეგო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.