Loading data...
შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე, რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად - ვხედავთ, რა ანატომია ჰქონდა სინამდვილეში ამ რეჟიმს

„აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად და ვხედავთ, თუ რა ანატომია ჰქონდა სინამდვილეში ამ რეჟიმს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა, როდესაც საგამოძიებო კომისიის შესახებ საუბრობდა.

„სულ რამდენიმე დღეა, რაც აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს იმ ჩვენებებს, რომლებსაც სხვადასხვა მოქალაქე აძლევს კომისიას. უკვე ამ დღეებში ჩვენ რაც ვნახეთ, ჩანს ის მძიმე სურათი, რომელიც სპორადულად, ფრაგმენტულად ვიცოდით, ზოგს შეიძლება მეხსიერებაშიც აღარ ჰქონდა, განიახლა ამით საკუთარი მეხსიერებაც და აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად და ვხედავთ, თუ რა ანატომია ჰქონდა სინამდვილეში ამ რეჟიმს.

რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. მოვისმინეთ ჩვენ ისტორიები, თუ როგორ იყენებდნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებას, ისე საბანკო სისტემას იმისთვის, რომ ეიძულებინათ ბიზნესმენები, დაეთმოთ საკუთარი ბიზნესები სხვათა სასარგებლოდ. ამ დღეებში ვისმენთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ როგორი ქაოსური იყო მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები. ვნახეთ, პოლიტიკის ჩარევა სამხედრო გადაწყვეტილებებში, ვნახეთ, თუ რამდენად მოღალატეობრივი იყო საერთო ჯამში პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები. მოვისმინეთ ისტორიები იმასთან დაკავშირებით, რაც მანამდეც გვსმენია, რამდენად უყურებდნენ ისინი ომს, როგორც პიარს და არა როგორც ველს, როდესაც მნიშვნელოვანია სწორი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. მოვისმინეთ კოდორთან დაკავშირებით, სადაც, ფაქტობრივად, უბრძოლველად მიატოვეს ხეობა, წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით იყო უზრუნველყოფილი მისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ სივრცეში ყოფნა.

ეს ისტორიები ჯერ კიდევ გაგრძელდება. ასე რომ, ამანაც გამოაჩინა, რომ იგივე ძალა სხვადასხვა კონფიგურაციით შემდეგ როგორ აგრძელებდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. ვისმენთ ისტორიებს, მაშინ საბანკო სექტორში მყოფი ხაზარაძე როგორ არეკეტებდა ბიზნესებს, როგორ იყენებდნენ მას სწორედ რეკეტისთვის და დღეს იგივე ხალხი არის პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი ქოლგის ქვეშ.  ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს, როგორც განგრძობითი დანაშაული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა მათი ხელისუფლებაში ყოფნის და არყოფნის დროს იქნას შესწავლილი და შეფასებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.