შალვა პაპუაშვილი: საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ დასავლეთში გამოღვიძებას - იმედით ვუყურებთ იმ პატრიოტულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირში ძლიერდებიან
ახსნა იგივეა, გასდით და აკეთებენ, რა ედარდებათ, პასუხს მოსთხოვს ვინმე? შემაკავებელი არ არსებობს, ეს არის პრობლემა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, იმ პირობებში, როცა ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხებზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, რამდენი მოსამართლე არის დასანქცირებული ცალკეული ქვეყნების მიერ და როგორ აიხსნება ის, რომ ევროპაში საქართველოს მიმართ პოლიტიკური და ამ შემთხვევაში უკვე სამართლებრივი მიდგომები არის ურთიერთწინააღმდეგობაში.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ბევრ ევროპულ ჯგუფთან ღირებულებითი პრობლემა აქვს, რადგან მანიპულაციურია ის ღირებულებები, რაზეც ისინი საუბრობენ.
„დღეს სამყაროში ეს არის პრობლემა, რომ თუკი მანამდე რაღაც მაინც თავშეკავება იყო, რაღაც ზედაპირულად მაინც ცდილობდნენ, დღეს შემაკავებელი არაფერი არ არის. გუშინ ვისაც ტერორის ეძახდნენ, მართლა ტერორისტს და ფული ჰქონდათ დაწესებული, დღეს ეხუტებიან და ხელს ართმევენ. არ არსებობს მორალი, აღარ არსებობს, აი, სამყაროს ამ ნაწილში. ამიტომ არის ჩვენ რომ მართლაც პრობლემა გვაქვს, ღირებულებით პრობლემა გვაქვს დღეს ჩვენ ბევრ ევროპულ ჯგუფთან. ღირებულებითი ეს პრობლემა გვაქვს რადგან ვხედავთ, ასე ვთქვათ, მანიპულაციურია ის ღირებულებები, რაზეც ისინი საუბრობენ.
მოწყვეტილი არიან ნამდვილ ღირებულებებს. ნამდვილი ღირებულებები, ევროპული ცივილიზაცია რა ფუნდამენტზეც წარმოშვა, ეს არის ქრისტიანობა და ისინი რა ვიცი, უარყოფენ კიდევაც და მის მთავარ ნაწილებს შლიან. აგერ, რომის პაპს მოუწია განცხადების გაკეთება ახლა გეიქორწინებასთან დაკავშირებით და პოლონეთი სხვა დროს რომ ასე ვთქვათ, ჩაყოლილი არის ევროკავშირს, ახლა დგას მყარად, რომ არა, გეიქორწინების აღიარება არ დაუშვათ ჩვენთან და არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება. ამ ღირებულებით ფუნდამენტს როცა მოხსნი, რომელმაც საუკუნეები გამოიარა, ქრისტიანულ ღირებულებით საფუძველს როცა მოხსნი, შემდეგ უკვე ადვილია, რომ გამოიგონო ღირებულებები და თქვენ თუ დააკვირდებით, როცა საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე, კონკრეტულად რა ღირებულებაა, არ ამბობენ.
ზოგადი ფრაზაა, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და კონკრეტულად რომელს, არ ამბობენ. რომ ჩაეძიები, გამოდის, რომ არ ვიცი, რომელიღაც ევროკომისრის განცხადება არის ევროპული ღირებულება, ან რომელიმე ელჩის განმარტება არის ევროპული ღირებულება. ცოტა ხანში, ალბათ, რამე რელიგიური წიგნები დაიწერება ამ მხრივ, კვაზი რელიგიური, სადაც განმარტებული იქნება ეს ღირებულებები. ფაქტია, რომ დღეს ევროპის აი, ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელსაც ძალაუფლება მეტწილად აქვს, ამ ღირებულებებს დაცილებულია და ამიტომ, ჩვენ მართლაც გვაქვს ღირებულებითი პრობლემა დღევანდელ ბრიუსელის ბიუროკრატიასთან. ამაში მოიაზრება ზოგადად, პოლიტიკური ისტებლიშმენტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, დასავლეთი იღვიძებს.
„საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ გამოღვიძებას დასავლეთში. ჩვენ ვნახეთ აშშ-ში მოქალაქეების გამოღვიძებას, რომლებმაც დაასრულეს ის ყალბი იდეოლოგიები, რომელიც მართლაც უკვე ყველგან იყო შესული და დღეს ფაქტობრივად, ამოძირკვა უწევს ტრამპის ადმინისტრაციას. წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენთან ეს რომ ყოფილიყო, ტრამპის ადმინისტრაცია რასაც ამბობს, გენდერული თანასწორობის ყალბი იდეოლოგიები, გააქრეს ერთი სფეროდან, მეორე სფეროდან. ჩვენ ახლა ამ დონემდე არ ვიყავით შესული და ეს რომ დაგვეწყო, აქ რა ეგზეკუციას მოგვიწყობდნენ ხომ უცხოეთიდან? მათ ფაქტობრივად, უწევთ ამოძირვა ამის, ასე ვთქვათ, მახვილით და ცეცხლით
„იუესეიდი“ ფაქტობრივად, დაანგრიეს, დაშალეს, გააქრეს საერთოდ. ხალხი ქუჩაში გამოყარეს მართლა, იმდენად რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ, რომ როგორც თვითონ უწოდეს, თაღლითური ორგანიზაცია გაეუქმებინათ და ევროპაშიც ვხედავთ ამ გამოფხიზლებას. ვხედავთ უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, აგერ პოლონეთიც ახლა ცოტა დაფიქრდება ალბათ, რა ხდება მათ თავს და ასე შემდეგ. სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ უკვე, რომ მოძლიერებულია ეს ძალები.
ამიტომ, ჩვენ იმედით ვუყურებთ იმ პატრიოტულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირში ძლიერდებიან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობას, ღირებულებით თანხვედრას ვხედავთ მაშინ, როდესაც იქნება ეროვნული ინტერესები, პატრიოტიზმი, ქრისტიანული, არა მაინცდამაინც ეკლესიური გაგებით ვამბობ, არამედ ღირებულებითი გაგებით, მათ შორის, ამ ფასეულობებს დაუბრუნდება ბრიუსელი და დაუბრუნდება ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.