Loading data...
შალვა პაპუაშვილი: რწმენის, სახელმწიფოსა და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა, ამიტომ მისი ღვაწლი იქნება თანამდევი ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკლესიის

„პატრიარქის სახელი განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარული სესიის დაწყებისას განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის სწორედ პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა.

„ჩვენ წინა სასესიო კვირას პლენარული სხდომები შევწყვიტეთ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო, რაც იყო დიდი მწუხარება ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ბევრისთვის, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივიღეთ ბევრი სამძიმრის წერილი. 

დღეს, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომლის სახელიც განუყოფლად არის დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს სულიერ და სახელმწიფოებრივ აღორძინებასთან. მისი მოღვაწეობა სცდება ეკლესიის ფარგლებს და წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელს.

სწორედ მის ღვაწლს და შრომას უკავშირდება 3 გარდამტეხი მოვლენა: პირველი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საბოლოო, საყოველთაო და რაც მთავარია, ღირსეული აღიარება, რომელიც იქცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მახარობლად თავის დროზე. მეორე - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების - კონკორდატის ხელმოწერა, რამაც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას შორის ურთიერთობას კონსტიტუციური რანგი მიანიჭა და მესამე - ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფოს სიმბოლოდ აღდგენა, რაც ჩვენი ისტორიული იდენტობის და სულიერი ერთობის გამოხატულება იყო.

სწორედ აქ, 1999 წლის 27 აპრილს, ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა პარლამენტს და ხმამაღლა მოუწოდა, რომ აღდგენილიყო ისტორიული დროშა, რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც. ეს სამი აქტი: რწმენის, სახელმწიფოს და ეროვნული სიმბოლოს გამთლიანება არის სწორედ პატრიარქის ეპოქის მთავარი მემკვიდრეობა. ამიტომ მისი ღვაწლი იქნება არა მხოლოდ წარსულის ნაწილი, არამედ თანამდევი ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი ეკლესიის და ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, - აცხადებს პაპუაშვილი.