შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა
„როგორც გავიგეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან, დედის გინებით უნდათ ალბათ დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს სამწუხაროდ ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა.
„პოლონეთში, მის სამშობლოში თუ დედის გინება ჩვეულებრივი რამეა, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ასე არ არის და მოიქცეს ისე, როგორც საქართველოს ეკადრება. რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას, როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა.
დღეს ამ ურთიერთობაში ბარიერად დგას რადიკალიზმი, რომელიც წახალისებული და დაფინანსებულია ევროკავშირის სხვადასხვა ფონდების მხრიდან და მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით. დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა.
რადიკალიზმის წახალისება როგორც კი მორჩება, ბუნებრივად აღდგება ეს ურთიერთობები, ვინაიდან რადიკალიზმი არის ის, რაც დგას დღეს ბარიერად საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას შორის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.