Loading data...
შალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს, ქართველ ხალხთან ურთიერთობა, თუ წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმის და იდეოლოგიის მხარდაჭერა

მთავრობასთან, რომელსაც მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ფიქრობს, რომ ის არის მოდერნიზატორი, ქართველი ხალხი როგორ უნდა დალაგდეს? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს დელეგაციის არმიწვევის შესახებ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ და პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს, ქართველ ხალხთან ურთიერთობა, თუ წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიის მხარდაჭერა.

„გახსოვთ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ ღიაობა პოლონეთის ხელისუფლებას. მივეცით შესაძლებლობა, გამოვიჩინეთ კეთილი ნება, პოლონეთის მთავრობასთან არსებული ექიმების ჯგუფი შევუშვით მიხეილ სააკაშვილთან და იმის ნაცვლად, რომ ეს კეთილი ნება დაფასებულიყო, მივიღეთ ზურგში დანა. ერთ-ერთმა ექიმმა რაღაც ანალიზების ფარულად გატანა სცადა და, ფაქტობრივად, ეს ექიმების ჯგუფი ქართველ ხალხს საბოტაჟს გვიწყობდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილებაც არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი და გვახსოვს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ასეთი არამეგობრული ნაბიჯი გასაკვირი არ არის, მაგრამ სამწუხაროა.

პოლონეთი არის ამ შეხვედრის ორგანიზატორი და ეს არის მისი, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის გადაწყვეტილება. მთავრობასთან, რომელსაც მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ფიქრობს, რომ ის არის მოდერნიზატორი, ქართველი ხალხი როგორ უნდა დალაგდეს? ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, რომ ქვას ვერ დაინახავს. აქსიომაა, ის, ვინც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ამიტომ პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს, ქართველ ხალხთან ურთიერთობა თუ კორუმპირებული, წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმის და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. გახსოვთ თქვენ, მანამდე იყო საპარლამენტო ფორმატშიც და მოწვეული კომიტეტის თავმჯდომარე გაიწვიეს. გახსოვთ, სულ რამდენიმე კვირის წინ იყო ეს შემთხვევა. ასე რომ, სამწუხაროა პოლონეთის ხელისუფლების არამეგობრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. უნდათ, სააკაშვილის მეგობრობას გადააყოლონ პოლონელი და ქართველი ხალხის მეგობრობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.