შალვა პაპუაშვილი: პირველად მსოფლიოს პროტესტის ისტორიაში ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას

„გაშარჟებულია იმ ოპოზიციის არსი, ვინც ქუჩაშია. პირველად მსოფლიოს პროტესტის ისტორიაში ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას. ამ დონეზე დაიყვანა უცხოების მორჩილებამ ეს ხალხი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ ოპოზიცია უარს იტყვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ქუჩაში გვყავს ოპოზიციის შარჟი. გაშარჟებულია იმ ოპოზიციის არსი, ვინც ქუჩაშია. პირველად მსოფლიოს პროტესტის ისტორიაში ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას.
ამ დონეზე დაიყვანა უცხოების მორჩილებამ ეს ხალხი, რომელიც ვერც კი აცნობიერებს რა საზოგადოებაში ცხოვრობს, რა ისტორია აქვს ამ საზოგადოებას, რა კულტურა და ეთიკა აქვს, რა მორალის მატარებელია.
უცხოელების დაკვეთის ბრმად მიმდევარია ხალხია, რომლებიც ამ დონეზე მივიდნენ, ოპოზიცია ოპოზიციას უცხადებს შიმშილობას. სასაცილოა უბრალოდ მათი ქცევა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.