Loading data...
შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერზეა ნათქვამი, შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია

საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ევროკავშირის მხრიდან სანქცირებული არ არის. ტყუილია, რაც პეტერ ფიშერმა თქვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ ერთად განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „21 ნოემბრისთვის დაგეგმილი იყო დიალოგი ადამიანის უფლებებზე, რომელმაც უკვე ჩაიარა და საქართველოს სურდა ისეთი ვიღაცის ჩართვა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. იმის გამო, რომ დაჟინებით სურდათ მისი მონაწილეობა, ევროკავშირმა გადაწყვიტა შეხვედრის გაუქმება. ეს იგივეა, რაც ჭაჭა მიგეტანა ანონიმი ალკოჰოლიკების ჯგუფის შეკრებაზე. ეს არ არის პროფესიონალური სტანდარტი“.

„პეტერ ფიშერს ბრიუსელის ბიუროკრატები ალკოჰოლიკებად თუ მიაჩნია, ეს მისი საკითხია და ერთმანეთში გაერკვნენ, ვინ არის ალკოჰოლიკი, ვინ – არა. ასეთი განცხადებისას ცოტა უფრო მორცხვი ვიქნებოდი იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის პარლამენტშიც, ბუნდესტაგში იჯდა ადამიანის წამების სისტემის შექმნისთვის მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი.

ყოველ შემთხვევაში, მის ადგილას ქართველი ხალხის წინაშე ჯერ ბოდიშს მოვიხდიდი, რომ ქართველი ხალხის წამების სისტემის შემქმნელი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში ეჯდა მის ქვეყანას. თავს დავხრიდი და შემდეგ ვიტყოდი, რომ თქვენი მინისტრის მოადგილე, ან ვიღაც კიდევ არ მოსწონს. რა თქმა უნდა, თავხედობაა, როდესაც წამების სისტემის შემქმნელი ადამიანი გყავს საპატიო ლოჟაში, მსჯავრდებული ადამიანი და ახლა იწუნებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობას. ეს პირდაპირ უნდა ითქვას. ვიდრე საკითხზე სათანადო განმარტება არ გაკეთდება, არ მგონია, რაიმე მორალური უფლება ჰქონდეთ ამის შეფასების.

მეორე – რა თქმა უნდა, ტყუილია, რაც მან თქვა. საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ევროკავშირის მხრიდან სანქცირებული არ არის. ეს დელეგაცია მიდიოდა ევროკავშირში. დელეგაცია არ მიდიოდა ტალინში, ბერლინში და არსად სხვაგან. მიდიოდა ბრიუსელში და პატივი სცენ ევროკავშირს, როგორც ინსტიტუციას.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ არის სანქცირებული. არ ვიცი, სხვა რა მოსაზრებები შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს არის მხოლოდ საბაბები, მიზეზები, გაექცნენ დიალოგს. იციან, რომ ერთი ერთში სათქმელი არაფერი არ აქვთ. იმიტომ დაჯდა ფიშერი მის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიის, „რადიო თავისუფლების“ ეთერში, რომ არც ერთი კრიტიკული შეკითხვა არ მოესმინა და მონოლოგით ესაუბრა, ჭკუა ესწავლებინა ქართველი ხალხისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „პეტერ ფიშერი დიდი ხანია, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეგხვედრიათ, რა არის ამის მიზეზი?“, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ძალიან სამწუხარო შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ეს არაერთხელ მითქვამს. ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხაროა. როგორც გერმანიის ხელისუფლების პროგრამაში დასაქმებულ ადამიანს, მეც მაქვს წვლილი შეტანილი იმაში, რომ გერმანიას განსაკუთრებული რეპუტაცია ჰქონოდა ქართველი ხალხის თვალში. ეს განსაკუთრებული რეპუტაცია 30 წლის განმავლობაში შენდებოდა და როგორც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წარმომადგენლის გენშერის სახელი დღესაც კი, როგორც იტყვიან, ბავშვმაც კი იცის. ამდენ რამესთან არის დაკავშირებული გერმანიასთან ურთიერთობა, რაც ამ ერთმა ადამიანმა მთლიანად ჩამოანგრია საკუთარი, მათ შორის გარკვეული პიროვნული დამოკიდებულებებით, რომელიც აშკარად ჩანს მის საუბარში.

ამიტომაც მოხდა მისი გაწვევა კონსულტაციისთვის. ვიდრე ის დაბრუნდებოდა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მათ შორის შეთანხმდნენ, რომ გერმანიის ელჩი აღარ გაიმეორებდა ან აღარ მოიქცეოდა, არ იქნებოდა ის ექსცესები, რომელიც მანამდე იყო.

ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დააფიქსირა, რომ როგორც კი რაიმე ექსცესი იქნება, პირდაპირ უკავშირდებიან მის უფროსს გერმანიაში. ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ვნახეთ მისი გასეირნება რადიკალების აქციაზე. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა მის ხელმძღვანელობას და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი ჰქონდა.

მნიშვნელობა არ აქვს, რა პასუხი მოისმინა. ეს დავტოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობის ნაწილად. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ძალიან კარგი, კოლეგიური, პროფესიული ურთიერთობა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მათ შორის არსებობს სრული გაგება, რომ ორმხრივი ურთიერთობის ის დონე, რომელიც შეიქმნა ამგვარი ექსცესებით, მიუღებელია ორივე მხარისთვის და უნდა გამოსწორდეს. ფიშერს დარჩენილი აქვს რამდენიმე თვე ელჩობის, თუ არ ვცდები, ივნისამდე აქვს ვადა. სხვათა შორის, შარშან ვადა გაუვიდა და გაიგრძელა. არ ვიცი, რატომ მაინც და მაინც ერთი წლით.

რამდენადაც ვიცი, ივნისში საქართველოდან პირდაპირ პენსიაში გადის. მშვიდი პენსია ვუსურვოთ მას, მაგრამ ფაქტია, ქართველი ხალხის თვალში დარჩება ადამიანი, რომელმაც დაანგრია საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა, რაც სამწუხაროა. აქციასთან დაკავშირებით გუშინ ინტერვიუში რაც თქვა, მართლაც ბავშვური თავის მართლებაა. რესტორანში ვიყავი, მოვდიოდი და შემთხვევით აღმოვჩნდი რუსთაველზეო. შემთხვევით აღმოჩნდა პარლამენტის წინ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე: „ოპოზიცია ამბობს, რომ პეტერ ფიშერი გამოხატავს გერმანიის ხელისუფლების პოზიციას და მისი გამოჩენა აქციაზე ნიშნავს გერმანიის მხარდაჭერას“, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ზუსტად ამას საყვედურობს საქართველოს ხელისუფლება.

„ზუსტად ეს არის, რასაც ვსაყვედურობთ და შემდეგ რატომაც აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, დაფიქსირდეს, რომ ეს სულაც არ არის გერმანიის პოზიცია. როგორც ჩანს, როგორც მან განმარტა, ეს გახლავთ ვახშმის შემდეგ მოსეირნე ელჩის პოზიცია. შევხედოთ, რამდენი შემთხვევითობა ხდება მის ცხოვრებაში საქართველოში. გაზეთებს თუ არ კითხულობს, ტელეფონი აქვს, ხომ იცის, აქციები ტარდება. შემთხვევით აღმოჩნდა აქციაზე, შემთხვევით ფოტო გადაიღო ადამიანთან, რომელიც შემთხვევით არის პატრიარქის მაგინებელი და ეგზარქოსს ეძახის? მანამდე კიდევ მოხვდა შემთხვევით რუსთაველზე, როდესაც მივიდა ელენე ხოშტარიასთან და საკუთარი სიცოცხლით შანტაჟის ჩამდენ ადამიანს გამოუცხადა სოლიდარობა. მაშინაც თქვა, რომ შემთხვევით იყო. გორში იყო შეხვედრა, სადაც მის უკან ბანერზე იყო დაწერილი „მონა“.

ფაშისტური ყიჟინის ფონზე პოზირებდა გორში რომელიღაც „ენჯეოს“ შეხვედრაზე, რომელზეც შემდეგ სავარაუდოდ თქვა, რომ შემთხვევით იყო. შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა ბათუმში, სადაც ბანერზე ეწერა „თავისუფლება მზიას“. ანუ მისი პოზიცია არის, რომ უნდა გათავისუფლდეს სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ადამიანი. ესეც შემთხვევით აღმოჩნდა. ასევე შემთხვევით აღმოჩნდა, რომ „ტვიტერზე“ იმ ადამიანთან დადო ფოტო და თქვა, ეს არის თქვენი მომავალიო, რომელიც მარიამ ლაშხს ბავშვთან მიუვარდა, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვილი ბავშვის თანდასწრებით. ბავშვებს რომ უვარდებიან, მონებს ეძახიან, ფაშისტური ყიჟინა რომ აქვთ გამართული ჯგუფებს, იმაზე ფიშერმა გვითხრა, ეს არის საქართველოს მომავალიო. ესეც შემთხვევით აღმოაჩინა.

ამდენი დამთხვევა ცოტა იშვიათობაა. ყოველ ჯერზე, საჯაროდაც ვამბობდით, ისედაც ამ ადამიანთან დაკავშირებით, მაგრამ მასზეა ნათქვამი, შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო. ასე რომ, ჩვენთვის ფიშერის ფაილი დახურულია. ექვსი თვე გავა, ის მშვიდად დაბრუნდება გერმანიაში. სამწუხაროდ, მისგან არავინ ითხოვს, იყოს მასპინძელი ხალხის მეგობარი. ერთადერთი, რასაც მოველით, არის, რომ მასპინძელი ხალხის წინააღმდეგ მტრული საქმიანობით არ იყოს დაკავებული. ამბობს არ ვიცოდი, შემთხვევით მოხდა ყველაფერიო, ეს მეორე უბედურებაა.

მავნებლობაა, თუ ადამიანმა იცის და სპეციალურად აკეთებს. თუ არ იცის, ამას სხვა სახელი ჰქვია. სულ მცირე, არაკვალიფიციურ დიპლომატობაზე მიანიშნებს, რომ არ იცის, რუსთაველზე მოძალადე ჯგუფების აქციაა და შემთხვევით ხვდება, არ იცის, რომ ადამიანთან, რომელთანაც ფოტოს იღებს, პატრიარქის მაგინებელია. თუ არ იცის, გაემიჯნოს. ის კარგად თქვა, არ ვიცოდიო, მეორე სიტყვაც დააყოლოს, რომ არ იზიარებს დამოკიდებულებას, რომ პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის ეს ადამიანი. დაგმოს და შემდეგ ვნახავთ, რამდენად იზიარებს და არ იზიარებს.

ამასაც ხომ არ აკეთებს? არც ერთხელ დაუგმია მონას მოძახილები, მოძალადე ჯგუფები. 4 ოქტომბერზე რამე გსმენიათ მისი ნათქვამი, რატომ იღებდნენ შტურმით? მგონი, ეს ჩემი ბოლო კომენტარი იქნება მასთან დაკავშირებით, ჩვენთვის პიტერ ფიშერის ფაილი დახურულია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.