შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ევროკავშირის ელჩმა ხელი ჩამოართვას, ისინი 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, თუმცა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებაზე არ მოვიდნენ
„ორი დღის წინ, ოპოზიციამ შანსი არ გამოიყენა, როცა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება იყო, იქ არ მოვიდნენ, ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტს არ დაესწრო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ შანსი ჰქონდათ, თანამონაწილე ყოფილიყვნენ დიდი მოვლენის, რომელიც ქვეყნის ისტორიაში იშვიათად ხდება.
„26 მაისის აღნიშვნას დილით არ აპირებენ, როგორც მთელი ქვეყანა აღნიშნავს, როცა წვევამდელები ფიცს დადებენ? – როგორც ჩანს, არც ამის მონაწილე უნდათ იყვნენ. ჩვენი ქვეყნის არც სულიერი მხარე აინტერესებთ და არც სახელმწიფოებრივი. მათი ინტერესია, ქვეყნის გარეთ მათ თავებს როგორ დათვლიან. მათი მიზანია, რომ ქვეყნის გარეთ პატრონებს დაენახონ, რათა მათ მიმართ მოწყალება გაიღონ, ერთი-ორი ცენტი გამოიყონ. ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ევროკავშირის ელჩმა ხელი ჩამოართვას.
ისინი 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ. ისიც ვნახეთ, მათ როგორ არ იხუტებს ქართველი ხალხი. მათ უცხოელები ყალბ იმედებს უქმნიან, რომ მათი მხარდაჭერით, ხელისუფლებაში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოიყვანენ. ამას ვხედავთ კიდეც, 2024 წლიდან მოყოლებული, რომ გარედან ქართველი ხალხის ნების გადატეხას ცდილობენ იმისთვის, რომ რამენაირად, ხელისუფლებაში სააკაშვილი და მსგავსი ჯგუფები მოიყვანონ. ის, ვინც ქართველ ხალხს ზურგს აქცევს, მათ ზურგს ქართველი ხალხიც აქცევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.