შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: „ჯერ საქართველოს“ დაარქმევენ, „კვლავ საქართველოს“, თუ „წინ საქართველოს“, ამ დონეზეღაა მათი ფანტაზია, რომ რაიმე ახალი სახელი მოუფიქრონ სხვადასხვა გაერთიანებას
რამდენი კომბინაცია უნდა შემოსთავაზონ საზოგადოებას, არ ვიცი. საზოგადოება ხვდება, რომ საბოლოო ჯამში ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება. ამიტომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია, გაშიფრულია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, „ჯერ საქართველოს“ დაარქმევენ, „კვლავ საქართველოს“, თუ „წინ საქართველოს“, ამ დონეზეღაა მათი ფანტაზია, რომ რაიმე ახალი სახელი მოუფიქრონ სხვადასხვა გაერთიანებას.
„სინამდვილეში, პრობლემა ეს არის, ესენი არიან მარიონეტები, რომლებიც გარე ძალების დღის წესრიგის შესასრულებლად მუშაობენ. ეს მათ ნათქვამიც აქვთ კიდევაც. აგერ ბრიფინგი ჩაატარა ბოკერია-ჯაფარიძემ და გიგი წერეთელმა, სადაც თქვეს, რომ არიქა, ამერიკის შეერთებულ შტატებს რაღაც ინტერესი აქვს რეგიონში და ჩვენ ახლა იმას უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვემსახუროთ ამ ინტერესებს და როგორ ავაწყოთ ამ ინტერესებზეო. ეს ხალხი ამას საჯაროდ ამბობს, რომ ისინი არიან უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები და იმას ცდილობენ მხოლოდ, ვინ მიყიდის ძვირად თავის თავს უცხო ქვეყანას იმისთვის, რომ აქ თავისი ინტერესები გაატაროს.
ეს არის 21-ე საუკუნის ხიბლი, რომ დღევანდელ სამყაროში შადიმანები ფარული კი არ არის და ჭორ-მართალი კი არ გადაიცემა, პირდაპირ ეთერში ვხედავთ შადიმანების გზას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.