შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიენე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება, თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის
ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიენე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება, თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, ზუსტად იმ საამაყო ადამიანებს ესხმიან თავს, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერის შეკავშირებისთვის, ერის იდენტობის განსაზღვრისთვის, ჩვენი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის.
„თავისთავად, ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, მგონი, ყველა უკვე კარგად ხედავს, რომ სიძულვილი, ზიზღის ენა, დაპირისპირება, ქიშპი არის ის, რასაც ცდილობენ, გარედან თავს მოგვახვიონ. ეს არის ბოლო იარაღი, რომელსაც იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. სხვა მხრივ რახან ვერ მოგვერივნენ, ეს არის, რომ შეეცადონ, დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. რასაც ჩვენ ვხედავთ, სიძულვილის ენის მხარდაჭერას გარედან, რასაც ვხედავთ ჩვენ ამით წაქეზებას, სწორედ ამას უნდა აღუდგეს წინ სახელმწიფოც და საზოგადოებაც.
რაც შეეხება ამ საკითხს, ეს კიდევ მეორე მიმართულებაა, როდესაც ცდილობენ ავტორიტეტების შებღალვას. ეს მიზანიც არის ასეთი და პერიოდულად ასეთ კამპანიებს ვხედავთ, ხან ერეკლე მეფეზე იყო თავდასხმები და მის მემკვიდრეობაზე, ახლა რატომღაც ნოდარ დუმბაძე ამოიღეს სამიზნედ. ზუსტად იმ ჩვენ საამაყო ადამიანებს ესხმიან თავს, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ერის შეკავშირებისთვის, ერის იდენტობის განსაზღვრისთვის, ჩვენი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და ზუსტად ირჩევენ სამიზნეს. ეს არ არის შემთხვევითი, როდესაც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ. რა თქმა უნდა, აქაც უნდა დავინახოთ სწორედ ის მიზანი, რომ მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, რომელიც საზოგადოებას აქვს. აღარ უნდა იყვნენ ავტორიტეტები. ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩიენე. ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიენე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება, თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის.
ასე რომ, ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანი არის ავტორიტეტების გაქრობა. როდესაც ავტორიტეტი აღარ ჰყავს საზოგადოებას, როდესაც არ ჰყავს მისაბაძი მაგალითები და როდესაც მორღვეული აქვს ფუნდამენტი, შემდეგ რასა იუკნევიჩიენეს დონის ადამიანი წარმოჩნდება უკვე, როგორც მთავარ ავტორიტეტად და მას უნდა გაჰყვეს შემდეგ საზოგადოება. ეს არის ზუსტად ჩანაფიქრი და ამას უნდა აღვუდგეთ წინ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.