შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა, გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის, ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას - აიყვანეს ბარიკადებზე, ჩაადენინეს დანაშაული საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს წინააღმდეგ და შემდეგ მიატოვეს ციხეში
„ეს მათი ერთიანი კამპანია იყო - „დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე“, ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციაში და ამჯერად „ფედერალისტებსა“ და „ლელოს“ შორის, არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობის გამო გამძაფრებული დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტის კითხვას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არც მაშინ ყოფილა რაიმე განხეთქილება და დაპირისპირება და არც ახლაა.
„ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა. გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის. ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას. მიატოვეს ციხეში, მათაც მიატოვეს, მათმა უცხოელმა მფარველებმაც მიატოვეს. აიყვანეს ბარიკადებზე, ჩაადენინეს დანაშაული საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს წინააღმდეგ და შემდეგ მიატოვეს ციხეში. რა თქმა უნდა, ახლა მათ წნეხი აქვთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ციხეში სხედან. ესენი კი არიან კარგ გუნებაზე, არაფერს არ იკლებენ, ადამიანები მათი ქცევის გამო არიან ციხეში.
ასე რომ, ეს მათი დანაშაულია უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღეს ციხეში არიან. ერთადერთი, რასაც ახლა ისინი უნდა აკეთებდნენ, მოუწოდებდნენ ამ ადამიანებს, რომ აღიარონ საკუთარი დანაშაული, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, წავიდნენ საპროცესო შეთანხმებებზე, რომ იქნებ, რამენაირად შეუმსუბუქონ ამ პარტიების დანაშაულით გამოწვეული სანქციები და სასჯელები, რომლებიც მათ მიუსაჯა სასამართლომ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.