შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს
ჩვენ საქმე გვაქვს იდეოლოგიასთან, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. ასე რომ, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს და ასეთი სახის განცხადებებსაც გააკეთებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ ქეთი დევდარიანის განცხადებას ეხებოდა.
კერძოდ, დევდარიანის თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული „იმედის“ კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის „წაღება“ იყო.
„მთელი საქართველოა მომსწრე იმისა, თუ რა უსამართლობას ჰქონდა ადგილი ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ - დღისით, მზისით როგორ მოხდა დაყაჩაღება, რეკეტი და მთელი ტელევიზია მიისაკუთრა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა. ამ ტელევიზიის მთავარ სახეებს შორის იყო, გვარი არ მახსოვს იმ ჟურნალისტის, დღეს რომ პოლონური პროპაგანდის მთავარი რედაქტორია, ქალბატონი ნათია, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ მოაწყო. დღეს ის არის პოლონეთის მთავრობის პროპაგანდისტი. ეს მეტყველებს, ვინ იდგნენ მაშინ ამ ხალხის უკან - იგივე ხალხი, ვინც შემდეგ დაასაქმა ესენი, პრემიებს გადასცემს, პრიზებს გადასცემს. ჟურნალისტიკის პრიზი მისცეს ნიკა გვარამიას - პროკურორს, რომელმაც „იმედის“ წართმევაში მაშინ თავისი როლი შეასრულა და ვინც მიხეილ სააკაშვილის მთავარი რეკეტიორი იყო. რაღაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ასეთი ღირებულებითი დაცემა არის მათი მხრიდან, ვინც საბოლოო ჯამში დაკვეთებს აძლევს ამ ადამიანებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.