შალვა პაპუაშვილი: მოქალაქეები იმდენად მოტივირებულები არიან, რომ მისცენ ხმა არჩევნებში, ყველა ცდილობს, დროულად მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი

მოქალაქეები იმდენად მოტივირებულები არიან, რომ მისცენ ხმა არჩევნებში, ყველა ცდილობს, დროულად მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ბოლო მონაცემებით, 17%-ს აჭარბებს ამომრჩეველთა აქტივობა, რომელიც მცირედით ნაკლებია 2021 წლის არჩევნებთან შედარებით.
„2021 წლის არჩევნები თავის დროზე გამოცხადდა როგორც რეფერენდუმი და ჩატარდა, ფაქტობრივად, როგორც საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნების ხარისხის აქტივობა იყო და რთულია შედარება, თუმცა 10:00 საათის მონაცემებით 2021 წლის არჩევნების აქტივობასაც კი აჭარბებდა. ეს თავისთავად მიღწევა იყო. ჩანს, რომ მოქალაქეები იმდენად მოტივირებულები არიან, რომ მისცენ ხმა არჩევნებში, ყველა ცდილობს, დროულად მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი.
რაც შეეხება ახლანდელ აქტივობას, 2014, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით არის უფრო აქტიური. ვფიქრობ, ამ ფარგლებში იქნება აქტივობა და ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, თუ რამდენად სწორად აზროვნებენ ჩვენი მოქალაქეები და რომ ჩვენი მოქალაქეები დგანან დემოკრატიის და არა საბოტაჟის, თუ ძალადობის მხარეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.