შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდეს
მნიშვნელოვანია, რომ უფრო ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში ევროპელი პატრიოტების ხმა. მათი ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირი ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს ევროპის ბნელი წარსულისკენ მიაქანებენ.
„თუკი ვინმეს აინტერესებს თუ რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, შეუძლია ნახოს ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომა. ეს არის სრული ვიზუალიზაცია იმ ცივილიზაციური უფსკრულისა, სადაც დღეს ევროკავშირის ეს პოლიტიკური ნაწილი იმყოფება.
ვიხილეთ იმ ყველაფრის კომბინაცია, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს. ეს არის ზიზღი, ცივილიზაციური ქედმაღლობისა და აღმატებულობის პოზა, ტყუილი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერდა.
რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც უპირველეს ყოვლისა ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც სრულად დასცილდნენ ევროპელი ხალხების დაკვეთას და არიან რაღაც გეოპოლიტიკური, გლობალისტური მიზნების აღმსრულებლები, რომლებსაც ყურში არაფორმალური მმართველები უჩურჩულებენ.
მეორე - ეს არის იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის, რომელიც გარდა იმისა, რომ ევროკავშირში წევრობისკენ ისწრაფვის, თავად არის ევროპული ღირებულებებისა და ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს. ამას ვხედავთ არა მხოლოდ ჩვენ. ამაზე ხმამაღლა საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები - ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი“, - აცხადებს პაპუაშვილი.