შალვა პაპუაშვილი: მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საარჩევნო კომისიებს - აბსოლუტურად გამართულად, ამომრჩეველზე ორიენტირებულად, ორგანიზებულად მიმდინარეობს არჩევნები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა და პროცესის გამართულობისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებს მადლობა გადაუხადა.
„არჩევნების მთავარი დამკვირვებლები ვართ ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეები არიან, ვინც ხედავენ, რამდენად გამართულად მიმდინარეობს არჩევნები. 7 საათია უკვე გასული არჩევნების დაწყებიდან, 5 საათი არის დარჩენილი და ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ორგანიზებულია პროცესი. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საარჩევნო კომისიებს - აბსოლუტურად გამართულად, ამომრჩეველზე ორიენტირებულად, ორგანიზებულად მიმდინარეობს არჩევნები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების დისკრედიტაციის მცდელობაზეც და აღნიშნა, რომ ეს არის საბოტაჟის მიზნით არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა.
„რაც შეეხება რადიკალების და პარტიული მედიების კომენტარს სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის დამკვირვებლებთან დაკავშირებით - ეს არის საბოტაჟის მიზნით არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ჩვენ ვართ საინფორმაციო შტურმის მოწმე. თქვენ, როგორც ჟურნალისტებს, უნდა გაინტერესებდეთ და, ალბათ, საინტერესო იქნება თქვენთვის, რომ გუშინდელი და დღევანდელი დღე შემდეგ აიღოთ, გააანალიზოთ და იქნება კარგი სახელმძღვანელო, თუ როგორ ხდება ჰიბრიდული ტაქტიკებით არჩევნებზე თავდასხმა. ასე რომ, ესეც ამის ნაწილია - აქტორების, მოქმედი პირების დისკრედიტაცია იმისთვის, რომ მიაღწიონ არჩევნების საბოტაჟის მიზანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.