შალვა პაპუაშვილი: მამუკა მდინარაძის წასვლა იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, ვინ რას იფიქრებს, ამის მიხედვით რომ ვფიქრობდეთ, ვერაფერს გავაკეთებდით, რადგან ყველაფერს შეუძლიათ, კუდი გამოაბან
„ჩვენი პოლიტიკური გარემო ისეთია, რომ კარგი და სათანადო დრო გადაწყვეტილებებისთვის არასდროს არ არსებობს, რადგან ყველაფერს შეუძლიათ, რაღაც კუდი გამოაბან, შეფუთონ და შეამოატრიალონ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას მამუკა მდინარაძის გადადგომამდე გუნდში თუ იმსჯელეს იმ საკითხზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილების შემდეგ, რომლის ადრესატადაც მდინარაძეა დასახელებული, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვევდა სპეკუალაციებს.
„მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება არ არის გუნდის, თუ პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილება, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. წერილთან დაკავშირებით სპეკულაციებზე კი არაერთხელ განიმარტა. გასაგებია, რომ ტექსტი თუკი ვინმეს დაწერილი არის, თავისი შინაარსით, ეს ადვოკატის დაწერილია.
ჩვენი პოლიტიკური გარემო ისეთია, რომ კარგი და სათანადო დრო არასდროს არ არსებობს, რადგან ყველაფერს შეუძლიათ, ისეთი კუდი გამოაბან, ისე შეფუთონ და ისე შეამოატრიალონ. ამ ყველაფერს შეჩვეული ვართ. მამუკა მდინარაძეს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ხანია, პოლიტიკაში არიან და მოწინავე არიან მედიასთან ურთიერთობით, ძალიან კარგად იციან, როგორ შეიძლება, არაფრისგან რაღაცის შეფუთვა. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ლიდერები, წევრები, ზოგადად, ხელისუფლება არასდროს არ ვიღებთ ამას როგორც კრიტერიუმს რაღაც გადაწყვეტილებების, რომ ახლა ჯობია, თუკი რაღაც გადაწყვეტილება არის მომწიფებული, იმ დროს ჯობია. მამუკა მდინარაძემ ჩათვალა, რომ იმ მომენტში იყო მომწიფებული ეს გადაწყვეტილება და მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ასევე მინდა, ავხსნა „ქართული ოცნების“ სტილიდან გამომდინარე. ეს პირდაპირ ეწერება ქართული ოცნების“ სტილში. ამ მხრივ არ ვუყურებთ, რომ ახლა მე რომ ვთქვა, მერე არ იფიქრონ, რომ ასეა და ასე შემდეგ. იფიქრონ-არ იფიქრონ – ასე, რომ ვფიქრობდეთ ჩვენ, ვერაფერს ვერ გავაკეთებდით და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით, რადგან ყველაფერს შეუძლიათ, რაღაც მიზეზი მოუფიქრონ რაღაც კუდი გამოაბან და რაღაცნაირად შეფუთონ. პოლიტიკურად კარგი დრო რაღაცებისთვის არ არსებობს. თუკი ფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მომწიფებულია, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო, დანარჩენი მხოლოდ ინსინუაციებია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.