1746788740
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩის განცხადებაზე: იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, ქედმაღლურად, ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლიეტუვის ელჩის განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, ელჩის განცხადებით, „ყველაფერი საქართველოს ხელშია, ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღირებულებები და პრინციპები“.
„ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს და რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად, ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან“, - წერს შალვა პაპუაშვილი.