შალვა პაპუაშვილი: ქურდს ქუდი ეწვისო - ქალბატონ სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი - ისტორიას ვერ გადაწერთ, ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლით, ისტერია ამას ვეღარ უშველის, მით უმეტეს, როდესაც იმავეს ითხოვდით 2022 წლის 1-ელ მარტს პარლამენტში გამოსვლისას
ქურდს ქუდი ეწვისო - ქალბატონ სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი, ვინაიდან სწორედ ის იყო „ლელოს“ წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრისას, ვინც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაშვილი სალომე სამადაშვილის საპასუხოდ, რომელიც უარყოფს, რომ პარტია „ლელო“ 2022 წელს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ისტორიას ვერ გადაწერენ და ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლიან. მისი თქმით, ისტერია ამას ვეღარ უშველის.
„ქურდს ქუდი ეწვისო - ქალბატონ სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი, ვინაიდან სწორედ ის იყო „ლელოს“ წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრისას, ვინც პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგის შეძახილებზე მითითებით, მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა - რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რომლებიც, სხვათა შორის, იმ მომენტში უკვე თბილისის აეროპორტში იყვნენ შეკრებილი.
ისტორიას ვერ გადაწერთ, ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლით. ისტერია ამას ვეღარ უშველის. მით უმეტეს, როდესაც იმავეს ითხოვდით 2022 წლის 1-ელ მარტს პარლამენტში გამოსვლისას. შეხსენებისთვის, ეს ის დღეა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია და თავადვე დაასახელა ელჩის გაწვევის ორი მიზეზი: საქართველოს ხელისუფლების უარი მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვხედავთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობის სასოწარკვეთილ მცდელობას, გადაწერონ ისტორია და დაგვავიწყონ, როგორ აქციეს ზურგი საკუთარ ქვეყანას და გარე ძალებს აყოლილები, როგორ გვითრევდნენ ახალ, დამანგრეველ ომში. ამიტომ არის „ბათუმის პროცესი“ ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, - წერს შალვა პაპუაშვილი.