შალვა პაპუაშვილი: ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას, რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისია და კოორდინაციაც იქნება ეფექტიანი?
კიდევ ერთი მცდელობა არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ყველა საკითხთან დაკავშირებით რაღაც აჟიოტაჟი ატეხონ, რომელიც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება ხოლმე ცრუ განგანში და ცრუ აჟიოტაჟი, შემდეგ საკუთარ დამაჯერებლობას აზიანებენ ამ ყველაფრით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს მიიღებს პარლამენტი კანონში ცვლილებას, რომელიც 00:00 საათზე შევა ძალაში, ხოლო ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
„ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის კანცელარიის, რომელიც გაუწევს მას საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას და კოორდინაციაც რომ იქნება ისევე ეფექტიანი, როგორც ამას მამუკა მდინარაძე აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან? ასე რომ, კიდევ ერთი ცრუ განგაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც, საბოლოო ჯამში, მათვე აზიანებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე წარმატება უსურვა მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერი პოზიციაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია იყოს დღევანდელი გამოწვევის პირობებში ეფექტიანი. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება. თუ ნახავთ სხვა ქვეყნებს – საფრანგეთს, პოლონეთს და სხვა ქვეყნებს, ყველგან საჭიროება დადგა სპეციალური კოორდინაციისა სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე სპეციალურ სამსახურებთან. ასე რომ, მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, ერთი მხრივ, და იმ გეგმების ფონზე, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დასახა ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც მისი არჩევა მოხდა, რომ მოხდეს კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, მოხდეს განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ამ დავალების შესასრულებლად მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს მოწადინებული და კოორდინაცია ამ მხრივ არის განმსაზღვრელი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.