შალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული, ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა, თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც
„კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ადგილი აქვს კანონის გვერდის ავლას, შესაძლოა, საჭირო გახდეს კანონმდებლობის გადახედვაც.
„ჩვენ ვნახეთ პირდაპირ აღიარება, რომ ეს სემინარი უცხოეთიდან არის დაფინანსებული. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ მათთვის გრანტის გაცემის ნებართვაზე არავის მიუმართავს და ვნახეთ ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. აბა, მაშინ რა იყო? გამოდის, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით.
შეგახსენებთ, ჩვენ, როდესაც გრანტების შესახებ კანონს ვიღებდით, თავდაპირველ ვერსიაში იყო ვალდებულება, რომ ყველა უცხოურ ხარჯს თანხმობა უნდა ჰქონოდა მთავრობის მხრიდან. შემდეგ იყო თხოვნა საელჩოების მხრიდან, რომ საჯარო დიპლომატია არის, ასევე, საელჩოს საქმიანობა, რომ, მაგალითად, საფრანგეთმა გააცნოს ფრანგული კულტურა, კულინარია. გერმანიის ელჩმა გააცნოს თბილისელებს გერმანული არქიტექტურა, რომელიც თბილისში არის - ესეც ხარჯებია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდესო.
შესაბამისად, ასე აისახა კანონშიც, რომ თუკი პირდაპირი ხარჯია, ამას თანხმობა არ სჭირდება, თუმცა ჩვენ მაშინვე ვეუბნებოდით, რომ ეს ეხებოდა იმ საქმეს, რომელიც საელჩოს თუ ორგანიზაციის უშუალო საქმეა და, იმედია, რომ ამას არ გამოიყენებთ გვერდის ავლისთვის.
მე ეჭვი მიჩნდება ამ ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლასთან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნდობა გვაქვს დაკარგული დონორების მიმართ, კანონში არის დამზღვევი პუნქტი, რომ თუკი არის ხელშეკრულება თავისი დასახელებით, არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ თავისი არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს არის თვალთმაქცური გარიგება, ჩაითვლება გრანტად და იმოქმედებს იგივე პრინციპები.
ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან თეთრი ძაფით ნაკერ კანონის გვერდის ავლას ჰგავს ეს ყველაფერი და ძალიან კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება ამაში გახვეული. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ და თუკი წევრ ქვეყანაში ის კანონებს არღვევს, ეს იქნება კატასტროფული სკანდალი ადგილობრივი ოფისისთვის.
ვნახოთ, თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. ვნახოთ, რა შედეგები ექნება ამ მოკვლევებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.