შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია

„მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივი სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ტაშკენტში, ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბელგიური მხარე დაინტერესდა, რატომ არის ახლა დაძაბულობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
„ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. მათ შორის, აინტერესებდათ, ჩვენი პერსპექტივა, რატომ არის, გარკვეული დაძაბულობა ამ მხრივ. ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, გარკვეული მოლოდინები იყო, ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ჯგუფების, ქვეყნებისა თუ ხელისუფლებების მხრიდან საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. იყო მოლოდინები, რომ საქართველო უნდა წასულიყო ესკალაციაზე და იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, წავსულიყავით ესკალაციაზე, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა, საზღვრები და ასე შემდეგ, ანუ დაგვენგრია ჩვენი ქვეყანა, ევროპაში ზოგიერთი გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი - ნაწყენი და ზოგიერთი - გაბრაზებული.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს არჩევნებში. გვახსოვს ჩვენ ბალტიელი მინისტრები, რომლებიც მიტინგებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს. ჩვენი ომი 8 თვის დამთავრებული იყო, როდესაც აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები წითელ მოედანზე იდგნენ 9 მაისის აღლუმზე. მათ შორის - უკრაინელი ჯარისკაცები ჩვენი ომის შემდეგ. ასე, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს და ჩვენ ვერ ვენდობით სხვებს. ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს ხალხს, საკუთარი თავს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.