შალვა პაპუაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ
„ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.
მისი თქმით, რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი, არის რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე.
„ნათელია, რომ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე, ყოველგვარი მიზეზის და საბაბის გარეშე, ჩვენ ვაკვირდებით როგორ გაიშალა კამპანია ბარამიძის, სააკაშვილის, გვარამიას მონაწილეობით, რომლის მთავარი შინაარსი და გზავნილი არის - პირველი, რომ აფხაზები და ქართველები ვართ მტრები და ამას არაფერი ეშველება. ამის შემდეგ ვნახეთ აბსოლუტურად უადგილო პარალელების გავლება ყარაბაღთან. ეს არის პირდაპირი მინიშნება, რომ თუ კი უპერსპექტივოა ადამიანური ერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის, თუ კი უპერსპექტივოა ჩვენი ტერიტორიული ერთობა როგორც სახელმწიფოსი, ამავე დროს თუ კი გვინდა ევროპული პერსპექტივა მაშინ უნდა ავირჩიოთ: ან უარი უნდა ვთქვათ ევროპულ პერსპექტივაზე, ან უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა. აი ამისკენ მიჰყავს გვარამიას, სააკაშვილს და ბარამიძეს მათი ნარატივი. საბოლოო პასუხსაც იქვე აძლევენ, რომ თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა და განვითარება ამ ტრავმებზე უარი უნდა ვთქვათ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი უნდა ვთქვათ, უნდა ჩავაბაროთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს. იქვე დამშვიდებაც მოდის, არაუშავს ჩვენ რომ გავხდებით ევროკავშირის წევრი, შემდეგ გავა დრო და ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, რაც არის მთელი სიმძიმე ამ პროპაგანდისა. ეს მართლაც ამაზრზენი კამპანიაა, რომელსაც ვხედავთ რომ არის გარედან თავსმოხვეული. ამგვარი ცრუ ნარატივების შემოტანის მიზანი არის, რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმითვე, მსგავს კამპანია გვარამია, სააკაშვილი და ბარამიძე 2008 წლამდეც აწარმოებდნენ.
„გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები. 2008 წელს, ომამდე ის თავად სთავაზობდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აფხაზეთის ნაწილი დარჩენილიყო რუსეთის გავლენის ქვეშ და ფაქტობრივად თმობდა აფხაზეთის ნაწილს. ამ გაყოფას ის საკუთარი აღიარებით სთავაზობდა რუსეთის ხელისუფლებას. ის წერილი ჩვენ ნანახი არ გვაქვს, მაშინ ჩუმად მიწერა წერილი რუსეთის ხელისუფლებას და შესთავაზა ფაქტობრივად აფხაზეთის გაყოფა. ამას მაშინაც ამით ამართლებდნენ, რომ ტრავმებს მოიშორებდნენ და უფრო მეტი პერსპექტივა გაეხსნებოდა. ასე რომ საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, ეს არის ძალიან მძიმე, პროპაგანდისტული კამპანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.