Loading data...
შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი, გაექცა თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის, რატომ გარბის, ვერავისთვის აუხსნია

გიორგი გახარია დღეს არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი, ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი, გაექცა თავის პარტიას, ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის, რატომ გარბის, ვერავისთვის აუხსნია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, შევაფასოთ გიორგი გახარიას სამართლებრივი სტატუსი, ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი 2024 წლის არჩევნების შედეგად, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, ვინაიდან მან მანდატი არ განახორციელა, რომელიც მისმა ამომრჩევლებმა მისცეს.

დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, დღეს ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი, ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი, უცხო ქვეყნის რეზიდენტისა, რომელიც გაექცა თავის პარტიას, გაექცა თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის, რატომ გარბის, ვერავისთვის აუხსნია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ამ რეზიდენტობასთან დაკავშირებით ვთქვათ, წელს გერმანიაშიც თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი და არ ვიცი, იქ თუ აპირებს მონაწილეობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შევლენ თუ არა გახარიას თანაპარტიელები პარლამენტში, ეს მათი გადასაწყვეტია.

„რაც შეეხება განცხადებას მანდატებთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია, საქართველოს პარლამენტი არ არის აწყობილი იმაზე, რადიკალური ოპოზიცია როგორ მოიქცევა.

წინა მოწვევის პარლამენტშიც ვხედავდით, რომ ოპოზიცია ერთი წელი შეეცადა, რომ ეჯანჯღარებინა ეს ქვეყანა, არაფერი გამოვიდა და ბოლოს შემოვიდა პარლამენტში, თუმცა მათ ყოფნა-არყოფნას აქ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან თუ მოდიოდნენ, მოდიოდნენ პლენარულ სხდომაზე, რათა რაღაც აყალმაყალი მოეწყოთ, ისიც თვეში ერთხელ, სხვა დანარჩენი სარგებელი, არც საქართველოს პარლამენტს, არც ქართველ ხალხს მათი პარლამენტში ყოფნისგან არ მიუღია.

ამიტომ, მათი გადასაწყვეტია, რა უნდათ. ერთადერთი ამ 12 ადამიანს, რომლის უფლებამოსილებასაც დღეს ცნობს პარლამენტი, მათ შორის არის სახელი და გვარები, რომლებსაც არ ვიცნობთ, პირველ 12-ეულს მიღმა ხალხი არის, ერთადერთი მათ მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ, გაიაზრონ, მგონი, დღეს ხელისუფლება-ოპოზიცია, ყველა პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ძალა ერთ რამეზე თანხმდება, რაც ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი, ადამიანი გაიქცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდე ყელყელაობს იქიდან, რაღაცებს საუბრობს, პროექტები უნდა განვახორციელოო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარია თავისი ყოფითი მატყუარობით ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ის სადღაც, სხვა ქვეყანაში დიდ გეგმებს აწყობს.

„არ ვიცი, „ენჯეოს“ თუ აფუძნებს იქ, ადამიანი ჩვეულებრივი ბოლი და ყოფითი მატყუარაა, რომელიც ჩვენ, მათ შორის, საგამოძიებო კომისიაზე ვიხილეთ, რომ ხუთ წუთში ადამიანის ტყუილი იყო მხილებული და ერთი წარბი და ძარღვი არ შესტოკებია. თქვა, რომ გადადგომის წინ, 2021 წელს, რომ ელჩს არ შეხვედრია, შემდეგ კომისიამ შეახსენა სხვადასხვა მტკიცებულებებით, ამაზე თქვა, რომ კი, შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ამით დადასტურდა, რომ ის თავის დროზე გაიქცა მმართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით.

ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს, რომ შენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაგაბარა შენი ქვეყნის პრემიერმინისტრობა, ასეთი პატივი, ასეთი პასუხისმგებლობა იშვიათია და ყველა მოქალაქეს არ შეიძლება, ეს პატივი შეხვდეს და უცხო ქვეყნის ელჩთან კოორდინაციით გადადგა და გაიქცა.

ასევე, გაექცა სინამდვილეში მის ამჟამინდელ გუნდს, მისივე ჩამოყალიბებულ პარტიას, თავისი ყოფითი მატყუარობით ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ის სადღაც, სხვა ქვეყანაში დიდ გეგმებს აწყობს, სინამდვილეში, ვხედავთ, რომ რაღაც მერკანტილური საკითხებით, უცხო ქვეყნის რეზიდენტობით და ბინადრობის მიღებით, ალბათ, ბინის ქირით და ასეთი საკითხებით არის დაკავებული.

მთავარი კითხვა, რომელიც მას უნდა დავუსვათ, რა ფინანსებით ცხოვრობს ის საზღვარგარეთ, ვინ აფინანსებს მის იქ ყოფნას? გვითხრას, გვითხრას თუ დანაზოგი აქვს, საიდან აქვს, ეგეც გვითხრას“, - დასძინა პაპუაშვილმა.